logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი რეფორმები მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ნდობა გაიზარდოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის
- +

9 ივლისი. 2017. 22:39


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა:


„რიგითიდან მაქვს დაწყებული შსს-ში მუშაობა და ხშირად ვრცელდებოდა ხოლმე ინფორმაციები მინისტრის გადადგომის თაობაზე და ზუსტად ვიცი განწყობები, ქვედა რგოლების ამ დროს. ჩემზე ვისაც რა უნდა ის თქვას. მე ამის პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, პოლიციელებს არ მინდა, რომ გაუჩნდეთ დემოტივაცია და ნიჰილიზმმა დაისადგუროს ამ სისტემაში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


აქვე შს მინისტრმა იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უწყებაში ხორციელდება:


„საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული და რეფორმირების პროცესში ვართ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპოლთან სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე თანამშრომლობას. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეთანხმება, რაც კი ევროპოლს გაუფორმებია ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან. ჩვენ ოპერატიულ დონეზე ვხდებით მათი პარტნიორები. ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ჩვენ დაცული არხებით შეგვიძლია გავცვალოთ ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეც და რაღა თქმა უნდა მათაც ეძლევათ საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ მონაწილეობა.

 

ცოტა ხნის წინ შევქმენით მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. დღეს ჩამოდიან ჩვენთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და ამ პროექტს ეცნობიან და გვთხოვენ ვეთანამშრომლოთ და ასე ვთქვათ დავეხმაროთ ამ პროექტის გაკეთებაში.

 

ჩვენი რეფორმები მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ნდობა გაიზარდოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. ეს რეფორმები მიმართულია ნდობის გაზრდისკენ და რა თქმა უნდა, დანაშაულის შემცირებისკენ.

 

საპილოტე რეჟიმში, საქართველოს ტერიტორიაზე, სამ სამმართველოში მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი. ასევე, უახლოე პერიოდში ვიწყებთ ახალ პროექტს, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ნაწილში. რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიცია, საზოგადოებასთან ერთად, გამოავლენს ყველა იმ პრობლემას, რაც მას აწუხებს და იმსჯელებს მისი გადაჭრის გზებზე.

 

უახლოეს პერიოდში ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული გვექნება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელიც უზრუნველჰყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ასევე ჩვენ დავიწყეთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება. შსს-ს ყველა თანამშრომლის ყველაზე მძლავრი იარაღი არის განათლება, რაღა თქმა უნდა ინფორმაციასთან ერთად. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაძლიეროთ ჩვენი აკადემიის შესაძლებლობები. მე გეტყვით, რომ შსს-ს აკადემია გარდაიქმნება საერთაშორისო საპოლიციო ცენტრად. ეს არის ჩვენი მიზანი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია უკვე ვმუშაობთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-ის მთავრობასთან და ევროკავშირთან ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner