საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირათან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე ისაუბრა:
„საკმაოდ ეფექტურად მუშაობს 100-ქულიანი სისტემა. ვადარებთ მონაცემებს, მანამ სანამ ძალაში შევიდოდა 100-ქულიანი სისტემა და მინდა გითხრათ, რომ დღეში დაახლოებით 1000 ერთეულზე ნაკლები ჯარიმა იწერება უკვე. კარგია, რომ ჩვენი მძღოლები უკვე ფრთხილობენ. 100-ქულიანი სისტემის შემოღების წინაპირობა იყო ის, რომ ერთგვარ ნებართვას ყიდულობდნენ ის ადამიანები, ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყვნენ და მათ შეეძლოთ ნებისმიერი დარღვევა ჩაედინათ და ამისთვის ისინი იხდიდნენ თანხას. მათ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება. ის, რომ 100 ქულის ამოწურვის შემდგომ, მათ უდგებათ საშიშროება, რომ შესაძლოა დაკარგონ მართვის მოწმობა ერთი წლით, ეს განაპირობებს იმას, რომ ისინი უფრო მეტად გაფრთხილდებიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ინტერვიუს ბოლოს შს მინისტრმა განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა გააჩინოს.
„არავის მივცემ საშუალებას, რომ ჩვენი საზოგადოება ალტერნატიულ რეალობაში აცხოვროს და უკიჟინოს ყოველდღე, რომ კრიმინალი გაზრდილია. ვერავის მივცემ იმის უფლებას და საშუალებას, რომ გააჩინოს არასტაბილურობის განცდა.
თქვენ აბსოლუტურად დაცულები ხართ. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება. მაგრამ, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს", - განაცხადა შს მინისტრმა.