2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა.
კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება.
საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან.
გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე, კრაკოვში (პოლონეთი) მიიღეს.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 41-ე კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დასრულდა საქართველოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების (მცხეთის ისტორიული ძეგლების და ბაგრატი/გელათის) ძირითად ნუსხაში დაბრუნების გრძელი და რთული გზა.