logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით გავაუმჯობესებთ პოლიციელთა სამუშაო პირობებს
- +

11 ივლისი. 2017. 12:13



შს სამინისტრო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ქართულ მოდელს ევროპელ ექსპერტებს აცნობს


მიმდინარე წლის 11-13 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას - „ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა - გზა უფრო გონიერი პოლიციისკენ" მასპინძლობს.


კონფერენციის მიზანია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სხვადასხვა მოდელის გაცნობა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ქართული მოდელის მიღწევების წარდგენა.


ღონისძიებაში ევროპოლის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, გერმანიის, შვედეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ.


კონფერენცია შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა თანამედროვე და ინოვაციური მიდგომის დასანერგად. ამ მხრივ, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი ჩვენი უწყებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2015 წლის ბოლოდან ჩვენ დავიწყეთ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელზე მუშაობა, 2016 წლის შემოდგომიდან კი ეს მოდელი საპილოტე/სატესტო რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 სამმართველოში მოქმედებს და დღეისათვის უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. პროექტის მთელ საქართველოში ამოქმედების შემდგომ, რაც ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის, პოლიცია უნდა გახდეს უფრო მეტად გონიერი, მობილური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. თანამედროვე მიდგომებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ჩვენ გავაუმჯობესებთ პოლიციელთა სამუშაო რეჟიმსა და პირობებს, უპირველესად კი უზრუნველვყოფთ მოქალაქეთა უკეთ დაცვასა და დანაშაულის პრევენციას", - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.


ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ევროკომისიის ერთ-ერთი დამატებითი რეკომენდაცია იყო ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის ფარგლებში საფრთხეების შეფასების ყოვლისმომცველი ანგარიშის წარმოება. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, ასევე, ევროპოლის სტრატეგიული შეფასების აქტივობების ძირითად კონცეფციას წარმოადგენს.


საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს შს სამინისტრომ ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის საკუთარი მოდელი შეიმუშავა. 2015 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია, რაც სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციისა და გამოძიების მიზნით, პოლიციის ოფიცრების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.


2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის სამ სამმართველოში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის ანალიზის ახალი ანალიტიკური მიდგომის დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პოლიციას პრობლემის ადრეული იდენტიფიცირებისა და პრევენციის, დანაშაულის ეფექტური გამოძიების და სამინისტროს ადამიანური და მატერიალური რესურსების მიზნობრივად გადანაწილების კუთხით. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ე.წ. დანაშაულის ანალიტიკოსის პოზიცია, რაც ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეული სიახლეა. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოხდა საჭირო კვალიფიკაციის მქონე 40-მდე ანალიტიკოსის აღნიშნული მიმართულებით დასაქმება.


ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ფარგლებში მომავალი ანალიტიკოსების გადამზადების მიზნით, შსს-ს აკადემიაში დაინერგა მოკლევადიანი სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მის კომპონენტებს.


ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი ახლო მომავალში საქართველოში პოლიციის ყველა დანაყოფს მოიცავს.


კონფერენცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner