საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამართლებლ განაჩენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მინდა, ხაზი გავუსვა, თავისთავად, სასამართლოს განაჩენი უდანაშაულობაზე არ ნიშნავს იმას, რომ მოხდა პოლიციის მიერ ნარკოტიკის ჩადება. პირდაპირ ამის განმარტება არასწორი იქნება, მათ შორის, სამართლებრივადაც. დანარჩენი მიმდინარე საქმეებია და ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
კითხვაზე - ყველა ასეთ საქმეში რატომ ფიგურირებს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელი ვინმე სიგუა, მინისტრის მოადგილემ საპასუხოდ განაცხადა, რომ დეტექტივების სამმართველო ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების განმახორციელებელია.
„დეტექტივების სამმართველო ფიგურირებს ათას სხვა გახსნილ საქმეში, რა განაჩენებიც უკვე დადგა და ხალხი პასუხისგებაშია მიცემული", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.