ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კი მოედანზე ნივთების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარ არბიტრს მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.
როგორც Sportall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. გამოვლენილი და დაკავებულია თუ არა უკვე დამნაშავე, ამას უწყებაში არ აკონკრეტებენ. სსკ-ის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.
ჯერჯერობით უცნობია, უეფასგან რა სანქციები შეიძლება დაეკისროს საქართველოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.