რაგბში ექვსი ერის ხელმძღვანელობამ ისტორიული და საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წელს ექვსი ერის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბაჩო ხურციძემ განაცხადეს.
ექვსი ერის თავმჯდომარემ, პეტ უელანმა საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წლის მაისში, 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის ექვსის ერის ტურნირზე საქართველოსა და რუმინეთის ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ.
გათამაშება მაისში, მსოფლიოს 2018 წლის 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარდება. საბოლოო ფორმატის შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სვანიძემ საქართველოში ჩატარებული მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა მსოფლიო რაგბის ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.