ავტორი ზაზა სვანაძე
კომპიუტერულმა სექტორმა მსოფლიოს არაერთი ქარიზმატული ლიდერი აჩუქა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. მეცნიერი, რომლის მიერ შექმნილმა პროგრამებმა არაერთი კომპიუტერი, შესაბამისად არაერთი ადამიანი დაიცვა ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული ვირუსებისგან; წარმატებული პერსონა, რომლის ირგვლივაც დღემდე არსებობს დიამეტრულად განსხვავებული შეფასებები. გთავაზობთ ინტერვიუს თავად ევგენი კასპერსკისთან, - ბიზნესმენთან, რომელმაც შეძლო წარმატებით გაეკვლია გზა, როგორც დიდი ბიზნესის, ნაწილობრივ დიდი პოლიტიკის რთულ ლაბირინთებში და ეთქვა თავისი სიტყვა. ამ ინტერვიუს მეშვეობით, ერთად შევეცადოთ იმის გარკვევას, თუ სად გადის ზღვარი მის ირგვლივ შექმნილ მითებსა და რეალობას შორის?
- პირველ ყოვლისა, გთხოვთ, ვისაუბროთ თქვენს მიერ განვლილ წლებზე; დაიბადეთ და გაიზარდეთ საბჭოთა რუსეთში, ბავშვობიდანვე გაინტერესებდათ მათემატიკა, ახალგაზრდობაში მუშაობდით სამეცნიერო ინსტიტუტში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებდა. რა გახსენდებათ ხოლმე იმ პერიოდიდან ყველაზე ხშირად? ასევე გკითხავთ: რომ არ დანგრეულიყო საბჭოთა კავშირი, სად იქნებოდით დღეს?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... მომავლის გამოცნობა, მათ შორის, ალტერნატიულის, ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, რომ რაიმეს გავაკეთებდი კომპიუტერულ უსაფრთხოებაში, რადგან ამ თემამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გამიტაცა. იმის წარმოდგენა კი მიჭირს, თუ როგორ შეიძლებოდა ამის პრაქტიკული განხორციელება საბჭოთა ეპოქაში. რას ვიგონებ თუ არა? მე ახლა ისეთი აქტიური ცხოვრება მაქვს, რომ იშვიათად მახსენდება შორეული წარსული. უფრო ალბათ, ბავშვობაზე ვფიქრობ, ფიზიკა-მათემატიკის ინტერნატზე, ასევე იმაზე, როგორ ვსწავლობდი ინგლისურს „ბიტლზის" და „პინკ ფლოიდის" მიხედვით. ახლახანს ვიყავი ნოვოროსიისკში (სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გავლით), შევედი იმ სახლის ეზოში, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი.
- «კასპერსკის ლაბორატორიის» კონკურენტები და მასმედიის (განსაკუთრებით - დასავლურის) წარმომადგენლები პერიოდულად იხსენებენ თქვენს კავშირებს ოფიციალურ სტრუქტურებთან. როგორც ცნობილია, განათლება მიიღეთ კრიპტოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ კი მუშაობდით რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემს კითხვას ასე ჩამოვაყალიბებ: თქვენი ნიჭის გარდა, კომპანიის წარმატებაზე თქვენმა კავშირებმაც იმოქმედა სამხედრო წრეებთან?
- მე არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია კავშირები სამხედრო წრეებთან - არც რუსულ, არც სამშობლოში, სხვა ქვეყნის სამხედროებთან. დიახ, მე ვსწავლობდი კრიპტოგრაფიას საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო მათემატიკურ ფაკულტეტზე, და ეს გახლდათ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლაში. სხვათა შორის, ჩემგან კრიპტოგრაფი ვერ დადგა, სამაგიეროდ მივიღე ტვინის საუკეთესო ვარჯიში. მე მჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ნებისმიერი საქმის წარმატების საწინდარია. ჩვენ შევძელით, გავმხდარიყავით დიდი და წარმატებული საერთაშორისო კომპანია, მათ შორის იმიტომ, რომ გვამოძრავებდა (და ახლაც გვამოძრავებს) სურვილი, შევქმნათ მსოფლიოში საუკეთესო დამცავი პროდუქტი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩვენ ეს გამოგვივიდა.
- რამდენად თავდაჯერებული იყავით კარიერის დასაწყისში? გქონდათ თუ არა შეგრძნება ან წინათგრძნობა, რომ ევგენი კასპერსკის საქმიანობა მსოფლიო დონეებზე ავიდოდა? და აქვე; როგორ შეაფასებთ თქვენსავე ღვაწლს, უკვე ამ გადმოსახედიდან - კიბერუსაფრთხოების სფეროში?
- საკუთარ წვლილზე არ ვისაუბრებ. არ შევაფასებ ჩემსავე ღვაწლს მსოფლიო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, იმის გამო, რომ მოკრძალებული ადამიანი ვარ.
- რა კატეგორიის ფიზიკური პირები ან ჯგუფები ქმნიან კომპიუტერულ ვირუსებს? დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი დეტალურად გაქვთ შესწავლილი. ასევე გთხოვთ გვიპასუხოთ იმ ბრალდებებაზე, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის კავშირს, გარკვეული ტიპის ვირუსების გავრცელებასთან.
- ვწერთ თუ არა ჩვენ თვითონ ვირუსებს ? გაკვირვებული ვარ ახლაც რომ ვისმენ ამ ტიპის კითხვებს... მეგონა, ჭორები დინოზავრებზე წარსულში დავტოვე. როდესაც ერთ დროს ჟურნალისტები სისტემატიურად ინტერესდებოდნენ ამ თემით, გავაკეთე სპეციალური ტრანსფარანტი, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა წავაწერე „No" და ვაჩვენებდი მათ ამ ტრანსფარანტს პასუხის მაგივრად.
არცერთი თავმოყვარე ანტივირუსული კომპანია არ არის დაკავებული ვირუსების წერით. 90-იან წლებში, ყური მოვკარი ერთ ისტორიას მცირე მასშტაბის კომპანიაზე, რომლის ხელმძღვანელიც სწორედ ასეთი საქმიანობის გამო, დიდი ხნით აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. ეს იგივეა, მეხანძრეს ჰკითხოთ, ხომ არ უკიდებენ ისინი ცეცხლს სახლებს?
აქვე, არ დაგვავიწყდეს იმის თქმაც, რომ ვირუსების შემქმნელებიც ევოლუციონირდნენ. 20 წლის წინათ, მათი ძირითადი ნაწილი მოყვარულები და ხულიგნები იყვნენ. დღესდღეობით კი, ისინი ერთგვარ პროფესიულ საზოგადოებებს წარმოადგენენ. თუ 1994 წელს, საათში ერთ ვირუსს ვავლენდით, დღეს ყოველდღიურად 300 000 მავნებლური ნიმუში ჩნდება. ვთქვათ იყიდეთ რაღაც ინსტრუმენტი ჰაკერებისგან თავდასაცავი, ბოროტმოქმედები უკავშირდებიან „დახმარებისთვისა" მათ ვინც გაყიდა პროდუქცია და მავნებლურ ქმედებებს ახორციელებენ. ზოგადად, ეს მთელი ინდუსტრიაა და ამ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად დიდ ძალისხმევას და ენერგიას ვდებთ.
- მსოფლიოში ძალზედ აქტუალურია რუსი ჰაკერების თემა, რატომ საუბრობენ მათზე მას შემდეგაც, როცა აშშ-ს პრეზიდენტად დინალდ ტრამპი აირჩიეს?
- აქ რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი, - დასავლურმა მედიამ ჩინელი ჰაკერები მათი რუსი კოლეგებით ჩაანაცვლა, შეიქმნა რა, კომპიუტერული მონსტრების ახალი ხატები. ახლა როგორც ჩანს რუსი ჰაკერების დროა.
მეორეს მხრივ, ჩვენ პრაქტიკულად არასოდეს არ შეგვიძლია დავარეგულიროთ ესა თუ ის კიბერ შემოტევა. ყველა მტკიცებულება რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის ამა თუ იმ ენის გამოყენების კვალი, დრო, როდის შეიქმნა ნიმუშები, სერვერების მისამართები და სხვა.
ჩვენი დაკვირვებით, კიბერშპიონები სამ ძირითად ენობრივ ჯგუფებს განეკუთვნებიან; ესაა ინგლისური, რუსული და ჩინური, მაგრამ ამის მიუხედავად, როცა საქმე ეხება ყველაზე მასშტაბურ კრიმინალურ ისტორიებს, ბანკების ძარცვას, აქ როგორც წესი რუსულენოვანი კვალია.
საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც რუსულად საუბრობს, სამწუხაროდ, მათი ძალიან მცირე ნაწილი დაკავებულია არცთუ კარგი საქმეებით, ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ რუსეთში, ამერიკაში, ისრაელში, ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში.
- როგორც ჩანს, პოლიტიკა დიდად არ გაინტერესებთ, თუმცა, ჩვენი საუბრის ფარგლებში შეუძლებელია გვერდი ავუაროთ აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებისა და მათი ხელმძღვანელების ოფიციალურ და ძალზედ უარყოფით დამოკიდებულებებს თქვენს კომპანიასთან დაკავშირებით. არცთუ დიდი ხნის წინ, სენატის დაზვერვის კომიტეტში განიხილეს აშშ-ს შიდა კომპიუტერულ ქსელებში არსებული საფრთხეები და მთავარ პრობლემად „კასპერსკის ლაბორატორია" დაასახელეს. რა კომენტარს გააკეთებთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით?
- ყოვლად მიუღებელია, როცა კომპანიის წინააღმდეგ ასეთი უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ისმის. უკვე 20 წელია, რაც ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ვმუშაობთ და მთელი ამ დროის განმავლობაში ბიზნესის წარმოების მაღალ სტანდარტს ვიცავდით; ვსარგებლობთ კარგი რეპუტაციით და ვაფასებთ ნდობის იმ ხარისხს რომელიც მომხმარებლებში მოვიპოვეთ. ნამდვილად არ გვიღირს ამ ყველაფრის რისკზე დადება. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური კავშირები პლანეტის არცერთ კონტინენტზე, არც არასდროს ვყოფილვართ და არც მომავალში ვიქნებით, რომელიმე პოლიტიკოსთან თუ ქვეყანასთან ალიანსში კიბერშპიონაჟის განხორციელების მიზნით, მაგრამ ამის მიუხედავად, რაღაც წრეებში პერიოდულად ისმის ხმები იმის შესახებ, რომ, კომპანიას (და პირადად მე) თითქოსდა სხვადასხვა სტრუქტურებთან გვაქვს შეხება, თუმცა წლების განმავლობაში ვერავინ ვერ წარმოადგინა ერთი ფაქტიც კი... მხოლოდ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა და ისიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
- და მაინც; რატომ ცდილობენ თქვენი სახელის დაკავშირებას რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან? ეს არის „ბრძოლა წესების გარეშე"? თუ უბრალოდ კონკურენტების მცდელობა, აგიგორონ „შავი პიარი"? საერთოდ როგორ ფიქრობთ, ისინი თქვენში პოლიტიკურ საფრთხეს ხედავენ?
- კიდევ ერთხელ განვმეორდები: ჩვენ წარმოვადგენთ კერძო კომპანიას და პოლიტიკა არ გვაინტერესებს. ვვარაუდობ, რომ ასეთი საუბრები - რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული, დაძაბული ურთიერთობების პროდუქტია. თავის მხრივ კონკურენტებიც რომ ცდილობდნენ ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას, არც ამას გამოვრიცხავ. ცუდად არ მიგვდის საქმეები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და როგორც ჩანს ეს ვიღაცაებს არ მოწონთ.
- ჯერ კიდევ 90-იანი წლების გარიჟრაჟზე დაიწყეთ ისეთი საქმიანობა, რომელმაც დროს გაუსწრო. თქვენ ფაქტიურად მომავლის მოთხოვნები გამოიცანით. შესაბამისათ გთხოვთ პროგნოზების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კიბერ-გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამყარო ხვალ? როგორი სახის დანაშაულებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში?
- კიბერ დანაშაული ნამდვილად არ შემცირდება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ციფრულ სამყაროში არსებულ საფრთხეებს და ყოველთვის ვცდილობთ სიტუაციების პროგნოზირებას. რისკის ზონებში ისევ და ისევ აღმოჩნდებიან ფინანსური ინსტიტუტები. ბოროტმოქმედებმა უკვე ისწავლეს თუ როგორ მოპარონ მათ ფული. პრობლემები იქნება სხვა ტიპის ინტერნეტ-რესურსებთან დაკავშირებითაც. ("Smart") სმარტ მოწყობილობის რიცხვი დღითი-დღე იმატებს, სამწუხაროდ ეს „ჭკვიანი მოწყობილობები" გარკვეულწილად დაუცველია კიბერ-კრიმინალთა იერიშებისგან.
პირადად მე, ყველაზე მეტად მაწუხებს ინფრასტრუქტურული სისტემების უსაფრთხოება. სცენარი, რომელიც ცნობილ მხატვრულ ფილმში, „კერკეტი კაკალი 4"-ში ვნახეთ, შესაძლოა რეალობაშიც განვითარდეს. სამრეწველო ავტომატიზაციის და სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ კომპლექსებს, ენერგომრეწველობას, ათეულობით წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, იქამდე სანამ კიბერ დანაშაული იარსებებდა, შესაბამისად ამ ტიპის თავდაცვის საჭიროებაზე მაშინ არც არავინ ფიქრობდა. ზოგან არც დღეს აქცევენ საჭირო ყურადღებას ამ მიმართულებებს, რის შედეგებსაც სამწუხაროდ ვიმკით. საკმარისია გავიხსენოთ, სულ ახლახანს განხორციელებული კიბერ თავდასხმები უკრაინის ენერგოსისტემაზე, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მთელი დატვირთვით ვმუშაობთ, რათა არ დავუშვათ ძალიან მნიშველოვან და როგორც ახლახანს გაირკვა - მყიფე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები, რომელთა უსაფრთხოებაზეც ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული.
- მართალია, თქვენთან ინტერვიუს ვწერთ, ანუ ეს არ არის სარეკლამო ტიპის მასლა, მაგრამ რადგანაც დაგვდეთ პატივი და პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს, გეძლევათ საშუალება პირადად აუხსნათ ქართულენოვან აუდიტორიას, - თანამედროვე ტექნოლოგიების მომხმარებლებს - თუ რატომ უნდა მიანოჭონ უპირატესობა „კასპერსკის ლაბორატორიის" პროდუქციას?
- ვფიქრობ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავად უნდა შეარჩიოს ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც მიაჩნია, რომ მისთვის უფრო ეფექტურია. ასეთ დროს სასურველია, მათი გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს კონკრეტულ დასკვნებს; რომელიც დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ანალიზის შედეგად იქნება გამოვლენილი. გადაავლეთ თვალი გამოკვლევებს, პირადი წყაროების მეშვეობით გამოკითხეთ ხალხი თქვენს ირგვლივ, მათ შორის სპეცალისტები, და აირჩიეთ ყველაზე საუკეთესო.
- შემუშავებული გაქვთ, ისეთი პროფესიული რჩევები, ერთგვარი „ოქროს წესების" სახით, რომელ წესებსაც რეკომენდაციების სახით გაუზიარებდით IT სფეროში მოღვაწე ადამიანებს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ბიზნესში საჭიროა გლობალური აზროვნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი IT სფეროს ეხება, რომელიც ძალიან დინამიური და მოქნილი ინდუსტრიაა და რომელსაც არა აქვს მკაცრად განსაზღვრული გეოგრაფიული ჩარჩოები, რომელიმე კონტინენტთან თუ ქვეყანასთან კუთვნილების თვალსაზრისით. ხშირად, ამა თუ იმ კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ეშინიათ რისკებზე წასვლის; ფიქრობენ, რომ მსოფლიო ბაზრის ასათვისებლად ასტრონომიული ბიუჯეტი და ზეშესაძლებლობებია საჭირო. კი, რა თქმა უნდა შრომის გარეშე რეზულტატს ვერ მიიღებთ, ზოგჯერ თავდაუზოგავადაც უნდა იმუშაოთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
- შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება? მოგეხსენებათ, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა (სადაც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს) კომერციული თვალსზრისით, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი ბაზარი თქვენი კომპანიისთვის?
- საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკა ვითარდება. შესაბამისად დაინტერესებულები ვართ, გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობის არეალი; არსებული საფრთხეებისგან დავიცვათ როგორც კერძო პირები, ასევე კორპორატიული მომხმარებლები. უკვე დავიწყეთ, ჩვენი პროდუქციის ფარგლებში, მთლიანი მომსახურების კომპლექსტების შემოთავაზება - ტრეინინგების ჩათვლით; ვასწავლით, მიზანმიმართული თავდასხმებისას გამოვლენის სისტემების შემუშავებას - პრევენციას. გვაქვს პატარა, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს ვეწვევი.
- ამ ინტერვიუს დასასრულისკენ გკითხავთ იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც წინა თვეს, მოსკოვში გაიმართა - 15 დან 18 ივნისის ჩათვლით. რა მიზნებს ისახავდა „კასპერსკის ლაბორატორიის" 20 წლის იბილესადმი მიძღვნილი პრეს-ტური? თქვენ როგორც ამ წვეულების მთავარი მასპინძელი, რამდენად კმაყოფილი დარჩით ღონისძიებით? და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენი კომპანიისგან?
- მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენ გავხდით ისეთი თვალისმომჭრელი სანახაობის მხარდამჭერი, რომელმა სანახაობამაც ტექნოლოგიების მოყვარულები ძალიან გაახარა. ჩვენ geek-ები ვართ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით; ანუ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაინტერესებს ყველაფერი ახალი; უცნაური ნივთები, ინოვაციები, სამეცნიერო აღმოჩენები და გარღვევები მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენს უკან მუშაობის და (შესაბამისად) გამოცდილების ორი ათეული წელია. ვფიქრობ, რომ როგორც ადამიანების შემთხვევაში, ოცი წელი გააზრებული ცხოვრების დასაწყისია, როცა დაუშრეტელი ენერგიით მთების გადადგმის სურვილი დიდია, სწორედ ამ ფაზაში ვართ - სურვილი გვაქვს შევცვალოთ სამყარო.