12 ივლისს მცხეთის ახალ ნავსადგურში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ფესტივალი Art-გენი გაიმართება.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, რეგიონის მუნიციპალიტეტების და მცხეთის მერიის მხარდაჭერით, ახალი ნავსადგურის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის გამოფენები; გამოფენა „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა", ასევე ფოლკლორული კონცერტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით და „შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ.
დღის ბოლოს ფესტივალის რეგიონული ტურნე მცხეთის ნავსადგურში „თსუ გორდელას" სოლო კონცერტით დაიხურება.
Art-გენი 2017 10 ივლისს რეგიონული ტურნეთი სურამში გაიხსნა. ფესტივალი ტრადიციულად თბილისის ტურით ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17-24 ივლისს დასრულდება.
მცხეთის ახალი ახალი ნავსადგური რომელიც სანაოსნო ტურის ფარგლებში სტუმრებს მცხეთის და საქართველოს ისტორიას 15 ენაზე აცნობს, ოფიციალურად 12 ივლისს გაიხსნება და პრეზენტაცია Art-გენის ფარგლებში გაიმართება.
14 წლის არსებობის მანძილზე ფესტივალი Art-გენი ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე საავტორო, ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.
შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
Art-გენი 2017-ის თბილისის ტურს 17 ივლისს გახსნის სოფი ვილი. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool; 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ"-თან ერთად; 20 ივლისს _ ჯგუფი „რეგიონი"; 21 ივლისს _ ჯგუფი „ფრანი". 22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს" დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „33ა"-ს. „Art-გენი 2017" 24 ივლისს „სუხიშვილების" კონცერტით დაიხურება.
ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა"; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.
ფესტივალი „Art-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.