აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობასა და მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ექსპორტიორებს, თხილის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომდგენლებს, აზიური ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„აზიური ფაროსანას საწინააღდმეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. განმეორებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მავნებლის გავრცელება შემცირებულია, რაც ღონისძიებების ეფექტიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირდა ზარალის ოდენობა. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მონიტორინგს კვლავ გააგრძელებს და ასევე, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან ", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
შეხვედრას დაესწრნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი, ზურაბ ლიპარტია, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ატარებს.