ავტორი მარიამ პაიჭაძე
„გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გიორგი ვაშაკიძე, იმ პირობებში, როდესაც მან უკვე მოიხადა 9-წლიანი სასჯელი, ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო", - ამის შესახებ ადვოკატმა გია დარჩიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს იყო საქმე, როდესაც „ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ პირველი წარმატებული სპეცოპერაცია დაარქვა იმ ოპერაციას, როდესაც დააკავეს გიორგი ვაშაკიძე და მისი თანხმლები პირები. საკითხი შეეხებოდა თამაზ მაღლაკელიძის გატაცების ფაქტს, რომელიც, თითქოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გახსნილად გამოაცხადა და მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაკიძეს იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი და დანაშაულებრივი სინდიკატური დაჯგუფების წევრი უწოდა და ბანდიტად შერაცხა იგი. ეს იყო ის ძირითადი მესიჯი, რაც მაშინ გაეგზავნათ სამართალდამცავებს და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში ცდილობდნენ გაეხსნათ აღნიშნული დანაშაული. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა პირობებში მუშაობდა მაშინდელი სასამართლო, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები არ აღიარებდნენ დანაშაულს და უამრავ დარღვევაზე მიუთითებდნენ, სასამართლომ, სამწუხაროდ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც დადგინდა დარღვევა და აღნიშნული დარღვევის საფუძველზე, 2-წლიანი განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა წარდგენილ ბრალდებაში, როგორც გიორგი ვაშაკიძე, ისე მასთან ერთად დაკავებული ორი პიროვნება უდანაშაულოდ ცნო.
ბრძოლა გრძელდება, დაწყებულია გამოძიება დამკავებელ პირთა მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, რომელშიც პირდაპირ არის მხილებული მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას დაკავებულთა წამებაში და ამ ყველაფრის მომსწრე იყო. მათი დახვრეტის იმიტაციის შემსწრე იყო, იმ ფაქტის შემსწრე იყო, რომ დაკავებულები ნაცვლად დროებითი მოთავსების იზოლატორისა, გადაყვანილები იყვნენ საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მათ მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები. ხოლო შემდგომში, აღნიშნული წამება გაგრძელდა ელექტროშოკისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, თბილისის დროებითი მოთავასების იზოლატორში. იმედი გვაქვს, გამოძიება დადებს კონკრეტულ შედეგს და დასჯილი იქნებიან ის პირები, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღო ამ საქმის ე.წ. შეკერვაში", - განაცხადა გია დარჩიამ.
გენერალმა გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმე იყო „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დაკვეთა.
„ეს საკითხი იყო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დაკვეთა. დაკავებისას იყო მოთხოვნა, რომ გამოვსულიყავი და გამეკეთებინა განცხადება, თითქოს გადატრიალებას ვაწყობდი, რაც ტყუილია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს საქმე ბოლომდე გაიტანა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მოგვიწია 9 წელი ციხეში ჯდომა", - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალი გიორგი ვაშაკიძე თანმხლებ პირებთან ერთად დაკავებული იქნა 2004 წლის 10 იანვარს და მათ ბრალად დაედო 2003 წლის ნოემბერში გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის თამაზ მაღლაკელიძის გატაცება, მაღლაკელიძის ოჯახიდან თანხის გამოძალვის მიზნით.