ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მკაცრი საუბარი ჰქონდა.
„მე მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობებია, რომლის ფარგლებში უამრავი სიცოცხლე შეიძლება იქნას გადარჩენილი, მაგალითად, როგორც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, იგი პირდაპირ შეეკითხა ვლადიმირ პუტინს, ჩაერია თუ არა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„მე მას ვკითხე: „შენ ეს გააკეთე?"; მან მითხრა: „არა, არ გამიკეთებია". შემდეგ მეორეჯერ დავუსვი მას ეს კითხვა. მან კიდევ ერთხელ უარყო ეს", - აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, დაუჯერა თუ არა მან პუტინის პასუხს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში.
„საქმე ის არის, რომ რაღაცა მოხდა და უნდა გავარკვიოთ თუ რა მოხდა, ვინაიდან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამგვარი რამე ჩვენს საარჩევნო პროცესში ხდებოდეს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.