ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ზ.ლ. ავტომანქანით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდულზე ქვეითად მიმავალ ზ.ჭ.-ს შეეჯახა. ზ.ლ.-მ განსაცდელში მყოფი ზ.ჭ. დაუხმარებლად მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანის შეუჩერებლად მიიმალა. ზ.ჭ. მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზ.ლ. 2017 წლის 3 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას, ასევე, ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.