თბილისის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ სასამართლოზე, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდნენ, განაცხადა, რომ იგი არ წარმოადგენს საშიშროებას, რომ პროცესს რაიმეთი ხელი შეუშალოს. აბესაძემ დარწმუნებით აღნიშნა, რომ არც მიმალვას და არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებდა.
„მე არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მეობას, პროცესს რაიმეთი შევუშალო ხელი. 28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არც ერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას და რომ მივიმალო, ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეზე და ა.შ", - განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხე. როგორც მოსამართლე რომან ხორავამ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.
თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.