თურქეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც თურქეთში სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
მისი განცხადებით, არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს, არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და თურქეთში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი.
„წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების, ვინც წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, უსაფრთხოებას, ან წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითებს ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ წერენ თავიანთ მოხსენებას და წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობიან. თუ არ ჩავთვლით ასეთ მოხსენებებს, არ არსებობს კონკრეტული ფაქტი საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ დასახელებული, რომელიც თურქეთში მომხდარ მსგავს ფაქტებს აღწერდა", - განაცხადა ელჩმა.
მისი განცხადებით, ვერ მიიღებენ ვერანაირ პრეტენზიას, რომ თურქეთში ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, ან ვინმე არაადამიანურ მოპყრობას განიცდიდეს.
„თურქეთი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი პირის სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, თამამად შეუძლია წარსდგეს თურქეთის სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და აქ არ არის რაიმე საფრთხე", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მისივე თქმით, თურქეთის სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ელჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის ყოველთვის ღია იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარი.
„მაშინ, როდესაც არსებობს სამართლებრივი სასამართლოს ყველა მექანიზმი, თავიდანვე ასეთი არასწორი და მცდარი ბრალდებების წამოყენება, მე ძალიან არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა ელჩმა.
გუმრუქჩუს თქმით, ის კონკრეტულ სამართლებრივ პროცესზე ვერ ისაუბრებს.
„თურქეთში დაწერილ საბრალდებო დასკვნაში არის მოყვანილი ძალიან ნათელი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, რომ ეს ადამიანი წარსდგეს სასამართლოს წინაშე თურქეთში და იქ ისაუბროს მის წინაშე წაყენებული ბრალეულობა არის თუ არა სამართლიანი და მართებული", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.