ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდგომი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებას ცდილობდა.
„მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ისაუბრეს ბრალდებულის პიროვნებაზე და განმარტეს, რომ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდგომ, რესტავრაციის მიზნით გამოყოფილი თანხების - 2 მილიონი ლარის მითვისებას ცდილობდა გიორგი მამალაძე, მის თანამზრახველებთან ერთად, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გიორგი მამალაძის პიროვნულ მახასიათებლებს და მის ანგარებით ხასიათს", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე გუშინ დაკითხულ სასულიერო პირებს შორის არიან პატრიარქის ქორეპისკოპოსები: იაკობი და თეოდორე, მეუფე ანდრია (გვაზავა), არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.