ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე 9 აპრილის ქრონიკებს იხსენებს და აღნიშნულზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ.
„მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა იმპერია ღრმა სოციალურ-პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, დამთავრდა მრავალწლიანი იძულებითი დუმილის ეპოქა, ეგრეთ წოდებულ მოკავშირე რესპუბლიკებში ზემოდან დაშვებული „პერესტროიკა" დაგროვილი პრობლემების ხმაურიანმა განხილვებმა შეცვალა,საქართველოსათვის დავით-გარეჯის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მუხლობრივი განხილვის თემები გადაფარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნამ და შედეგმაც არ დააყოვნა - „გაკეთილშობილებული სისტემა" თავისი ნამდვილი სახით კარგად გამოჩნდა 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც თავისუფლების იდეის გარშემო შემოკრებილ ასიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს დაუპირისპირა კბილებამდე შეიარაღებული საბჭოთა ჯარი...
დაიღუპა 20- ზე მეტი ადამიანი, მოიწამლა და დაშავდა ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე...
შავი დროშებითა და დიდი ტკივილით შეხვდა თბილისი 9 აპრილის დილას, ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქუჩებში ტანკები დათარეშობდნენ, იყო გლოვა და დრტვინვა...
9 აპრილს საქართველო ტკივილით, მაგრამ მტკიცედ გამოეთხოვა საბჭოთა სისტემას...
1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა ეროვნულ- განმათავისუფლებელ ძალებს...1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, სისხლიანი 9 აპრილის ორი წლისთავზე საქართველოს უზენასმა საბჭომ, ბატონი ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა...
25 წელი გავიდა ამ ისტორიული დღიდან, ეს წლები ჩვენი სამშობლოსათვის, თითოეული ქართველისათვის გოლგოთის წლებია,მაგრამ გოლგოთა ამაღლებით მთავრდება, დარწმუნებული ვარ, ეს ამაღლება წინ გვაქვს.
თანამემამულენო, გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ამ ოცდახუთი წლის მანძილზე დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ დეპუტატთა ნაწილი უკვე მარადისობაშია გადასული... ჩვენს გვერდით მყოფნი კი უფრო მეტ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებენ, ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ დღესთან დაკავშირებით გამოსცა საინტერესო წიგნი „საქართველოს უზენაესი საბჭო და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი".
9 აპრილს, 13 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში ვიწვევთ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", - წერს ვარდოსანიძე.