გაამართლა თუ არა ქვეყანაში ლარიზაციის პოლიტიკამ, ელოდება თუ არა მთავრობა ეკონომიკურ ზრდას და როდის იგრძნობს ამ სიკეთეს საკუთარ შემოსავლებზე მოსახლეობა? - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „კვირის პალიტრასთან" ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.
„ლარიზაციის პროექტი და პროგრამა კომპლექსური და მასშტაბური პროექტია, რომლის შედეგს დაახლოებით 7-8 წლის პერიოდში ველით. ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის ეროვნულ ბანკთან, გულისხმობს, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დაკრედიტდეს ლარში და გაჩნდეს ლარის წყაროები დაკრედიტებისთვის. ის 25%, ვინც მთავრობის ამ ერთჯერადი შეთავაზებით ისარგებლა, კარგი შედეგია... ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ამოცანაა ზრუნვა მოსახლეობაზე, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობას განსაზღვრული ტვირთები შეუმსუბუქოს.
დეტალური მონიტორინგი მიმდინარეობდა ბანკებში. დიახ, პირველ კვირებში შეფერხებები იყო, თუმცა, ის, რომ 5 617-მა მსესხებელმა ისარგებლა ამით და ჯამში 78,6 მილიონი დოლარის სესხი გავალარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს ჩვენ შევქმენით ის ინსტრუმენტები, რომლებიც ლარში სესხის აღების შესაძლებლობას იძლევა. დროთა განმავლობაში ეს პროცენტიც აუცილებლად დაიწევს, იმიტომ, რომ ბანკებში ლიკვიდობა იზრდება. ამას ემატება ის ფისკალური რეფორმებიც, რომლებიც ჩვენ ახლა განვახორციელეთ... ივლისში ინფლაცია პიკს აღწევს და ივლისიდან მოყოლებული ფასების საერთო დონის მატება უნდა შემცირდეს. 2018 წელს ველოდებით 3%-იან ინფლაციას და ფასების დასტაბილურებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.