logo_geo
eng_logo
ქრთამის აღებაში მსჯავრდადებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტმა ერთ დღეში ორჯერ შეიწყალა
- +

17 ივლისი. 2017. 15:08




გიორგი ბაჯელიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის - „შეაჩერე კორუფციის" ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში მის სახელს არაერთი სკანდალური განცხადება უკავშირდება, მათ შორის, ირწმუნება, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში საიდუმლო ტენდერები კორუფციული გარიგებების გზით ტარდება. ამ თემაზე ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ 2014 წელს გიორგი ბაჯელიძე თავად გაეხვია კორუფციულ სკანდალში, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა.


გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ბაჯელიძემ დაადასტურა, რომ ის 2014 წელს ნამდვილად დააკავეს, თუმცა ქრთამის აღების შესახებ მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს.

 

ჩემი დაკავება დაკავშირებული იყო „კაბელების საქმესთან". დამავალეს, რომ ტენდერის გარეშე გრიფი საიდუმლოთი" გამეფორმებინა ხელშეკრულება „დელტა ქომ"-თან. დამაკავეს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. სამი თვის განმავლობაში ვამბობდი, რომ არ ვიყავი დამნაშავე. ჩემს წინააღმდეგ მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გიორგი ბაჯელიძემ.


„პრაიმტაიმისთვის" კი ცნობილი გახდა სასამართლოს სხდომის ოქმის შინაარსი, სადაც ე.წ. „კაბელების საქმეზე" ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ბაჯელიძე არათუ  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, არამედ ქრთამის აღების ბრალდებით, პირდაპირ თანხის გადაცემის მომენტში საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მასთან ერთად ქრთამის მიცემის ბრალდებით ხელბორკილები დაადეს შპს „როიალ არტ ჯგუფის" მთავარ ინჟინერს, მიხეილ ფაშიაშვილს.


ყველაფერი კი აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნით დაიწყო. სწორედ ლაშა თორდიას უწყება იყო პირველი, ვინც გიორგი ბაჯელიძისა და შპს „როიალ არტ ჯგუფის" საეჭვო ფინანსური კავშირებით დაინტერესდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის შესყიდვების შესწავლის პროცესში აუდიტორების ყურადღება ერთმა საინტერესო გარემოებამ მიიპყრო, კერძოდ: მაისურაძის ქუჩაზე მდებარე შსს-ს კინოლოგიის სამსახურის სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „GSG GROUP". 2013 წლის 3 ივლისს კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულებაც 268.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე, თუმცა ჯერ 10 ათასი ლარის სამუშაოებიც კი არ იყო შესრულებული, რომ აღნიშნულ კომპანიასთან შსს-ს შესყიდვების სამსახურმა ხელშეკრულება გააუქმა. მიზეზად ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დასახელდა. ამის შემდეგ კი საქმეში ერთვება გიორგი ბაჯელიძესთან დაახლოებული კომპანია „როიალ არტ ჯგუფი", რომელსაც 2013 წლის 30 აგვისტოს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით იმავე სამუშაოების შესრულებაზე პირდაპირ გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა გაზრდილი ფასით, კერძოდ, 268 ათასის ნაცვლად ღირებულება 284 ათასი ლარით განისაზღვრა. რამდენიმე დღეში კი, კერძოდ, 2013 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების ოქმით, სახელშეკრულებო ღირებულება კიდევ 28 ათასი ლარით გაიზარდა და საბოლოოდ 312 ათას 800 ლარი შეადგინა. ანუ სამუშაოები, რომელიც შპს  „GSG GROUP"-ს 268 ათას 800 ლარად უნდა შეესრულებინა, შპს „როიალ არტ ჯგუფმა" 312 ათას 800 ლარად შეასრულა, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 50 ათასი ლარით იზარალა. სწორედ ამ თანხის წარმომავლობით დაინტერესდა აუდიტის სამსახური, რომლის დასკვნაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ კომპანიას, ასევე, რამდენჯერმე გადაუწია სამუშაოების შესრულების ვადა, რაც „ეწინააღმდეგება გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების მოტივს - გადაუდებელ აუცილებლობას. ფაქტობრივად, სამუშაოები დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 16 დეკემბერს. ამ დამატებით ვადებში შესაძლებელი იქნებოდა, ახალი ტენდერი გამოცხადებულიყო, რითაც, დიდი ალბათობით, გარკვეული ფულადი სახსრები დაიზოგებოდა". - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.


გარდა ამისა, აუდიტორების ეჭვებს იწვევს კიდევ ერთი გარემოება: სატენდერო დოკუმენტაციით შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტს 2010-2012 წლებში უნდა ჰქონოდა ანალოგიური საქმიანობის (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები) გამოცდილება ნახევარი მილიონი ლარის ბრუნვის ოდენობით.


შპს „როიალ არტ ჯგუფი" კი (რომელთანაც გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმდა ხელშეკრულება), მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 2012 წლის 8 ნოემბერს. შესაბამისად, მას არ გააჩნდა ანალოგიური საქმიანობის გამოცდილება.


აღნიშნული მიუთითებს გამოცდილებასთან დაკავშირებით მოთხოვნებისადმი არათანმიმდევრულ დამოკიდებულებაზე", - ვკითხულობთ ლაშა თორდიას უწყების მიერ მომზადებულ დასკვნაში.


როგორც ჩანს, სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში შსს-ს გენერალური ინსპექცია და მთავარი პროკურატურა. გამოძიების კვალმა კი სამართალდამცავები გიორგი ბაჯელიძესა და „როიალ არტ ჯგუფს" შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე გაიყვანა. გაირკვა, რომ აუდიტის მიერ გამოვლენილი ფაქტები ერთადერთი არ ყოფილა. როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, შსს-ს შესყიდვების სამსახურის მაშინდელი უფროსი გიორგი ბაჯელიძე და „როიალ არტ ჯგუფის" მთავარი ინჟინერი მიხეილ ფაშიაშვილი უახლოესი მეგობრები არიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, მეგობრებს შორის შედგა ერთგვარი შეთანხმება, რომ, თუ ბაჯელიძე კომპანიას მიაღებინებდა მონაწილეობას შსს-ს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში, ის ბიუჯეტიდან „როიალ არტ ჯგუფისთვის" გადმორიცხული თანხებიდან პერიოდულად მიიღებდა გარკვეულ წილს.


გამოძიებას საფუძვლად დაედო ერთ-ერთ ასეთ შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი ფაქტის შემდეგ გაფორმდა. ამჯერად, ქრთამის აღების გარდა, საქმე ეხება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებასაც. კერძოდ, ირკვევა, რომ ბაჯელიძემ შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა, რამეთუ წინასწარ გაახმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გრიფით „საიდუმლო" შესყიდვის შესახებ. მან შესასრულებელი სამუშაოებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა  შპს „როიალ არტ ჯგუფის" წარმომადგენელს, მის მეგობარ მიხეილ ფაშიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა. როგორც წესი, ასეთ ნებართვას გრიფით „საიდუმლო" შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანიჭებს.  ყოველივე ამის უგულებელყოფით ბაჯელიძემ „როიალ არტ ჯგუფს" მონაწილეობა მიაღებინა საიდუმლო ფასთა შერჩევაში და საბოლოოდ ხელშეკრულებაც გაუფორმა.


ამის შემდეგ გიორგი ბაჯელიძე მუდმივად აკონტროლებდა შს სამინისტროდან კომპანიისთვის გადარიცხული თანხების ოდენობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით უზრუნველყოფდა ამ თანხების დროულ გადარიცხვას „როიალ არტ ჯგუფის" ანგარიშზე. სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გიორგი ბაჯელიძეს „როიალ არტ ჯგუფისგან" ქრთამის სახით მიღებული აქვს 9000 ლარი.


საბოლოოდ გიორგი ბაჯელიძემ წარდგენილი ბრალი აღიარა. მან ქრთამის აღებასა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში თავი დამნაშავედ ცნო, რის გამოც პროკურატურა საპროცესო გარიგებას დასთანხმდა. შედეგად გიორგი ბაჯელიძეს 4-წლიანი პირობითი სასჯელი და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე, დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და დაუწესდა საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა სამი წლის ვადით.


საპროცესო გარიგება გაფორმდა მიხეილ ფაშიაშვილთანაც, რომელსაც ქრთამის მიცემის ბრალდებით 3-წლიანი პირობითი სასჯელი და 3000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.


სასამართლო სხდომის ოქმით ბაჯელიძის ბრალეულობას, მისი აღიარების გარდა, სხვა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მიხეილ ფაშიაშვილის ჩვენებაც ადასტურებს. გარდა ამისა, საქმეში დევს გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული მოსმენა-მიყურადებისა და აუდიო-ვიდეოჩაწერის მასალები.


ამ მტკიცებულებების მიუხედავად, გიორგი ბაჯელიძე მოულოდნელად ყველა შეზღუდვისგან გათავისუფლდა. აქ უკვე საქმეში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო. გიორგი მარგველაშვილმა ქრთამის აღებასა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ერთდროულად ორი განკარგულებით შეიწყალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეწყალების მომენტში ბაჯელიძეს 6-თვიანი საპატიმრო სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა და შესაბამისად, მარგველაშვილმა ის დარჩენილი სამწლიანი პირობითი მსჯავრისგან გაათავისუფლა, თუმცა პრეზიდენტს გამორჩა, რომ მსჯავრდადებულს სასამართლოს განაჩენით საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვაც ჰქონდა დაწესებული. უცნაურია, მაგრამ სახელმწიფო მეთაურმა საგამონაკლისო წესით გამოსცა დამატებით მეორე განკარგულება მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის შეწყალების თაობაზე, რის საფუძველზეც მას თანამდებობის დაკავების აკრძალვაც მოუხსნა. და ეს ყველაფერი 24 საათის ვადაში მოხდა. ანუ პრეზიდენტმა სამოხელეო დანაშაულში მხილებული პირი ერთი დღის ვადაში ორჯერ შეიწყალა.


რა ინტერესი ჰქონდა პრეზიდენტს, ერთდროულად ორი განკარგულებით შეეწყალებინა საკმაოდ სერიოზულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული პირი? ეს, ალბათ, ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ მარგველაშვილის მიერ „სამართლებრივად გასუფთავებული" გიორგი ბაჯელიძე დღეს უკვე კორუფციასთან მებრძოლის იმიჯით წარდგა მედიის წინაშე და  დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებით - „შეაჩერე კორუფცია".


მისი ერთ-ერთი ბოლო ბრალდების ადრესატი კი სასჯელაღსრულების სამინისტრო გახდა. ბაჯელიძე ირწმუნება, რომ კახიშვილის უწყება კორუფციული გარიგებებითა და საიდუმლო ტენდერებით იმართება.


საზოგადოებას ვამცნეთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც პატიმრების კვებაზე გრიფ „საიდუმლოს" დადება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სამარცხვინო ქმედება გამოწვეულია მხოლოდ ერთი მიზეზით: დამალონ ხელშეკრულებები, დახურონ შერჩევის პროცესი და გაუმჭვირვალე გახადონ შესყიდვები. ბოლო ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვებით უზრუნველყოფას ასრულებს შპს „ნილი", რომლის დამფუძნებლებმაც 120 ათასი ლარი გადაურიცხეს „ქართულ ოცნებას" არჩევნების წინ", - აცხადებს გიორგი ბაჯელიძე.


კახიშვილის უწყება კი ბაჯელიძის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. სასჯელაღსრულების მინისტრმა პირადად განმარტა, რომ კომპანია „ნილს" ერთი დღეც კი არ ჰქონია შეხება პატიმრების კვებასთან. კახიშვილის თქმით, კომპანია „ნილი" 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპანიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.


რაც შეეხება გრიფით „საიდუმლო" ტენდერებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო საზოგადოებას ახსენებს, რომ ციხე არის გასაიდუმლოებული ობიექტი და მასზე ნებისმიერ კომპანიას დაშვება ვერ ექნება.


„პრაიმტაიმს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუმარტეს, რომ, ზოგადად, ტენდერების თუ ელექტრონული პროცედურების გზით კომპანიების შერჩევა სასჯელაღსრულების უწყებაში ახალი ხელისუფლების პირობებში დაინერგა, ვინაიდან მანამდე ყველა ასეთი შესყიდვა მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით  ხდებოდა, ხელშეკრულებები კი, როგორც პატიმრების კვებაზე, ასევე ციხის მაღაზიების ფუნქციონირებაზე, უფორმდებოდა მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთსა და იმავე კომპანიას.


ბოლო მონაცემებით, კვების სფეროში სულ 15 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც დაშვება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ტენდერის გამოცხადებამდე ინფორმაცია მიეწოდათ სხვა კომპანიებსაც და მათ მიეცათ 3-თვიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისია ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის სურვილის არსებობის შემთხვევაში საიდუმლო დაშვების მოსაპოვებლად.


უწყებაში დახურული ტენდერის აუცილებლობის დამატებით არგუმენტებად ასახელებენ ღია ტენდერის შემთხვევაში არსებულ სერიოზულ საფრთხეებს.

 

მაგალითად, ღია ტენდერის შემთხვევაში ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ კომპანიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს შესყიდვაში, დააფიქსიროს ყველაზე დაბალი ფასი და უპირატესობაც მოიპოვოს, თუმცა იმის გამო, რომ კომპანია შემოწმებული არ იქნება სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების კრიტერიუმებით, გამორიცხული არ არის, არაკეთილსინდისიერი განზრახვების არსებობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევებს, როგორიც არის, მაგალითად, პატიმრების მასობრივი მოწამვლა, გასაიდუმლოებული ობიექტის დაცვის პარამეტრების დარღვევა და ა.შ. რაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს სისტემის ფუნქციონირებას და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner