საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 9 აპრილს დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოხატავს.
„დღეს, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს...მაშინდელი აქციის ყველა მონაწილეს: საბჭოთა ჯარის მიერ თბილისის ქუჩებში ნაცემს, დევნილს და მოწამლულს... ყველა დაღუპულს....
ეს ხალხი არის ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მარადიული სიმბოლო.
9 აპრილს გამთენიისას დაღუპული ადამიანების ნათელი ხსოვნა, მათი უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე, დღემდე გზას უნათებს ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობის ძნელ და რთულად სავალ გზაზე.
ჩვენი ვალია, ჩვენი მოვალეობაა და ღირსების საქმეა მათი სახელების წინაშე, რომ ღირსეულად გავიაროთ ეს გზა, ვიყოთ იმ თავისუფლების მატარებლები და დამფასებლები, რომელსაც ეს ადამიანები შეეწირნენ",- აღნიშნა კახა კალაძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.