პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა.
„დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, თუმცა, ასევე უდიდესი დღესასწაულია, რადგან 25 წლის წინ ამავე ადგილზე საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია. დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც საქართველოს სადარაჯოზეა საქართველოშიც, სხვაგანაც და საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს.
ის სისხლი, რომელიც 27 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დაიღვარა, ქვეყნისა და ერის გამარჯვების ფუნდამენტი იქნება.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, 25 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და მრავალი 25 წელი გვეზეიმოს ერთად, გამარჯვებულ და წინ წასულ ქვეყანაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.