2017 წლის 2-დან 8 სექტემრის ჩათვლით ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა" ბათუმში რიგით მეხუთე საიუბილეო, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „BATUMI MUSIC FEST" გამართავს. წელს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალმა, პირველად საქართველოს ისტორიაში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა.
ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ეწვევიან.
ფესტივალის დაარსების დღიდან ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, ქართველი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც აღნიშნულ ფასტივალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს ყველა რეგიონიდან, მსურველებს აქვთ საშუალება აღნიშნულ პროექტში მიიღონ მონაწილეობა, გამორჩეულები კი მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, მათი დაფინანსება კი ფესტივალის ფონდიდან მოხდება.
ასევე 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა.