თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას გამოეხმაურა.
ილდირიმის განცხადებით, არავის შეუძლია მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთოს თურქეთის სუვერენულ უფლებებზე.
„ვინც ემუქრება თურქეთს ევროკავშირის წევრობის კარის დახურვით, უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირს თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
მისი თქმით, პასუხისმგებელმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარი განცხადებებისგან, რათა ზიანი არ მიაყენონ დიალოგს.
17 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წერტილს დაუსვამს.