logo_geo
eng_logo
ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა
- +

19 ივლისი. 2017. 21:25


 

გასულ წლებთან შედარებით, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშში.


გასული წლების მსგავსად, პროკურატურისთვის 2017 წელსაც პრიორიტეტულია ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მომართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა. 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს - 1066, 2016 წელს - 1356, ხოლო 2017 წლის 6 თვეში - 719 პირის მიმართ", - ნათქვამია ანგარიშში.


უწყების ცნობით, გაზრდილია პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2014 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულთა 14%-ის მიმართ, 2015 წელს - 26%-ის, 2016 წელს - 54%-ის, ხოლო 2017 წლის პირველ 6 თვეში 79%-ის მიმართ.


ხოლო, რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულზე მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელს, 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი იყო 83%, 2015 წელს - 70%, 2016 წელს - 52%, ხოლო 2017 წლის პირველ ექვს თვეში - 58%.


დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ წარუდგინა ანგარიში.



მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, აღნიშნულ პერიოდში დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სრულყოფის მიზნით; დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები; ჩატარდა არაერთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიება და დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა; პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner