ახალი მეტროსადგურები, მიწისქვეშა სივრცეების მაქსიმალური გამოყენება, მტკვარზე წყლის ტრანსპორტის აღდგენა, სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრობლემატურია ზოგი სავაჭრო ცენტრის განთავსების საკითხი, რაც განპირობებულია სავაჭრო არეალების ზომის შეუთავსებლობით ადგილის ტერიტორიულ და ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებთან.
„ახალი, სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა შეიზღუდოს. სექტორის ეკონომიკური მგრძნობიარობის გამო საჭიროა ყველა დიდი მასშტაბის სავაჭრო ობიექტის (5,000 კვ.მ. ზემოთ) თბილისის დამგეგმარებელი ორგანოების მიერ დეტალური შესწავლა, მათი თბილისისათვის ეკონომიკური სარგებლიანობის კვლევის ჩათვლით", - ნათქვამია კონცეფციაში.
გარდა ამისა, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მოსაზრებით, უახლოეს წლებში აუცილებელი იქნება შემდეგი ღონისძიებების გატარება: საცალო ვაჭრობის პოლიტიკის შემუშავება, არსებული სავაჭრო სპეციალიზებული ცენტრების რელოკაცია, რომელთა ქალაქის ცენტრთან სიახლოვე იწვევს სატრანსპორტო პრობლემებსა და გარემოს დაბინძურებას. ამ უკანასკნელის მაგალითად ელიავას ბაზრობაა მოყვანილი.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა და ახალი მეტროსადგურების საჭიროება განიხილება.გეგმის მიხედვით, მეტროსადგურების ხაზი შესაძლოა, "ისთ ფოინთი"-აეროპორტისა და გლდანის ზოლის მიმართულებით გაგრძელდეს.
მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა კი განიხილება, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება.
„მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით). მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის; აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით", - ნათქვამია კონცეფციაში, სადაც საჰაერო ტრანსპორტზეც არის საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა შეინარჩუნოს.
„თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის პოტენციალს განაპირობებს აეროპორტის დამატებითი საფრენი ბილიკებითა და მისადგომებით უზრუნველყოფა. ზრდის პოტენციალი ასევე მდგომარეობს დღის განმავლობაში ოპერირების ხანგრძლივობის გაზრდით, სადაც არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მისადგომის ტევადობა მაქსიმალურად იქნება ათვისებული უფრო მეტი დროით. შეზღუდული აეროდრომის პირობებში ასევე შესაძლებელია უფრო მოდულარული ტერმინალის შექმნა, რომელიც შეძლებდა დამატებითი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას მოთხოვნის შესაბამისად" , - ნათქვამია კონცეფციაში, სადაც მიწისქვეშა სივრცეების აქტიური გამოყენება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
როგორც გენგეგმის ჯგუფის წევრები აცხადებენ, მიწისქვეშა სივრცე არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ქალაქის ნაშენ ტერიტორიაზე სამშენებლო განვითარებისათვის განკუთვნილი მიწის რესურსის ოპტიმიზაციის გაზრდის საშუალებას იძლევა.
მიწისქვეშა სივრცისადმი ინტერესი განსაკუთრებით ვლინდება მჭიდროდ დასახლებულ უბნებში და განპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით, მაღალი გამტარიანობის საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ მზარდი მოთხოვნით, მიწისზედა ღია გამწვანებული სივრცეების საჭიროებითა და "სქაილაინის" შენარჩუნებისათვის ქალაქის სიმაღლეში ზრდის შეზღუდვის აუცილებლობით.
გენგეგმის ჯგუფი თბილისისმთავრობას სთავაზობსკონკრეტულ უბნებს, სადაცმიწისქვეშა სივრცეებისათვისება ყველაზეაქტუალურია. ესენია: ქალაქის ცენტრალური უბნები, ასევე,თბილისის ისტორიული ნაწილი, სადაც არსებული ისტორიული განაშენიანების ნაწილში მიწისქვეშა სართულები ძველადაც გამოიყენებოდა.
მათივე მტკიცებით, გარკვეულ პოლიცენტრებში შესაძლებელია, მოქმედებდეს სივრცითი, გეგმარებითი ან გარემოსდაცვითი შეზღუდვები და, ამდენად, შეუძლებელი იყოს მაღალსართულიანი, ინტენსიური მშენებლობა.
ხოლო უნდა შეიზღუდოსიმ არეალებში, სადაც მოქმედებს წყლის, მათ შორის - გრუნტის წყლების დაცვის შეზღუდვები; ისტორიული დაცვის ზონაში და იმ არეალებში, სადაც არსებობს არქეოლოგიური ღირებულებები.
„ასეთი არეალების გამოვლენა და მათთვის მიწისქვეშა დაგეგმარების განსაკუთრებული რეჟიმი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომდევნო ეტაპზე უნდა შესრულდეს. მიწისქვეშა ობიექტები ასევე უნდა იყოს გააზრებული ქალაქის უშიშროების სტრატეგიაში. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საინჟინრო ქსელები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. ამასთან, კაპიტალურად ნაშენი მიწისქვეშა სივრცეები შესაძლებელია, გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციის დროს" , - ნათქვამია პროექტში.
გენგეგმის ავტორების მოსაზრებით, მიწისქვეშა არეალის ათვისება ასევე მიზანშეწონილია მომსახურების, კომერციისა და ადმინისტრაციული ნაგებობების ასაშენებლად, ეს შესაძლოა გულისხმობდეს სავაჭრო ცენტრებს, გასართობ და გამაჯანსაღებელ (მაგ. თერმული აბანოები) ნაგებობებსა და სხვ.
აღსანიშნავია, რომ, თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე გენგეგმის პროფესიულ წრეებში წარდგენა და საჯარო განხილვები დაიწყება, რის შემდეგაც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
მათი თქმით, ასევე, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები არიან და მის ფორმატში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შეთავაზებული საკითხების შეჯერება და შეთანხმება მოხდება.
შეგახსნებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე "სითი ინსტიტუტი საქართველოს" არქიტექტორები მუშაობენ. გენგეგმა 18 თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ის ქალაქის განვითარების საკითხებს 2030 წლამდე მოიცავს.