logo_geo
eng_logo
„25 ახალი საბავშვო ბაღი 3 წელიწადში“ - თბილისის ბაღების სააგენტოს ამბიციური გეგმები
- +

19 ივლისი. 2017. 23:38



მესამე წელია, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, ახალ გამოწვევებს ახალი ხედვითა და მიდგომებით პასუხობს.


2015 წლიდან დღემდე უწყებამ სისტემაში რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მის მიერ ინიცირებული არაერთი რადიკალური რეფორმა კვლავაც ეფექტურად მიმდინარეობს.


უწყებას წინამორბედებისგან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად - წლების განმავლობაში ამ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, არ ყოფილა პრინციპული მიდგომა არც ინფრასტრუქტურული და არც მეთოდოლოგიური თვალსაზრისით და დარგის განვითარება, ფაქტობრივად, თვითდინებაზე იყო მიშვებული.


რა არის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთვის პრიორიტეტები? რა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით გამოირჩეოდა მიმდინარე სასწავლო და რა სიახლეს გეგმავს სააგენტო 2017-18 სასწავლო წლისათვის? - ამ და სხვა კითხვებზე „რეზონანსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა პასუხობს.


- თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა, როგორც ვიცით, წელსაც მუშაობს საზაფხულო ბაგა-ბაღების პროექტი. რამდენი ბაგა-ბაღი გაუწევს მომსახურებას აღსაზრდელებს, როგორია ვითარება ამ მიმართულებით?


-  საზაფხულო ბაღების პროექტი, სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება. წელსაც, 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება აღსაზრდელებს. ჩვენ გავითვალისწინეთ აბსოლუტურად ყველა რაიონი, ხოლო სიდიდისა და მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით, განსხვავებულია ბავშვების რაოდენობა თითოეული ბაღისათვის. ცხადია, ყველა საზაფხულო ბაღი არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით, გასართობი მოედნებითა და სხვა აუცილებელი ატრიბუტით, რაც საზაფხულო ბაღებს სჭირდება. რეგისტრაცია 19 ივნისს, 15 საათზე დაიწყო და უკვე დასრულდა, თუმცა ჩვენ გაზრდილი მოთხოვნის გამო ვფიქრობთ, რომ აღსაზრდელები დამატებით სათათბირო ორგანოს საშუალებით მივიღოთ, რა შესაძლებლობაც კონკრეტულ ბაღს ექნება.


- რაც შეეხება რეგისტრაციას ახალი სასწავლო წლისათვის, როდის დაიწყება იგი და რა ღონისძიებები გატარდა იმისათვის, რომ პატარები საბავშვო ბაღის გარეშე არ დარჩნენ. დაახლოებით რამდენი აღსაზრდელის მომსახურება მოხერხდება ახალი სასწავლო წლისთვის?


-  2017-18 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება. 13 ივლისის 24 საათამდე პროცედურის გავლას შეძლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები, შშმ პატარები და ის ბავშვები, რომელთა და-ძმები უკვე არიან აღსაზრდელები კონკრეტულ ბაგა-ბაღებში. 14 ივლისიდან კი რეგისტრაცია ყველა ბავშვს შეეძლება. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ წელს გვაქვს თავისუფალი ადგილების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა - 13 000-მდე. ასეთი მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე პირველად ფიქსირდება. ცხადია, ეს უზრუნველყო სწორმა მიდგომამ და სტრატეგიამ, ახალი ბაღების მშენებლობამ და მოქმედ საბავშვო ბაღებში ახალი ჯგუფების დამატებამ. წელს სექტემბერში გაიხსნება 5 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც დამატებითი კონტინგენტის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. აქედან გამომდინარე, სწორმა ინფრასტრუქტუქტურულმა პოლიტიკამ, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ძალიან დიდი პრობლემა მოგვიხსნა.


თავისთავად, არის მოლოდინი, რომ ჯერ კიდევ იქნებიან აღსაზრდელები, რომლებიც დარჩებიან რეგისტრაციის გარეშე ივლისში. ამიტომ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე ჩვენ საბავშვო ბაღებში მოვიწვევთ სათათბირო ორგანოებს, რომლებიც შეძლებენ ბავშვების მიღებას დამატებით. რა თქმა უნდა, იქნებიან ბავშვები, რომლებიც საჯარო საბავშვო ბაღების მომსახურების გარეშე დარჩებიან წელს, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, მათი რაოდენობა იქნება მინიმალური.

 

- როგორ ფიქრობთ, თბილისის ბაგა-ბაღები საბოლოოდ რამდენი ბავშვის მომსახურებას შეძლებენ?


- როგორც უკვე ვთქვით, ივლისში რეგისტრაციას 13 000 ბავშვი გაივლის. სექტემბრის ბოლოს გვეცოდინება სათათბირო ორგანოების საშუალებით დამატებით რამდენ ბავშვს მივიღებთ საჯარო ბაღებში. ზუსტი ციფრის დაკონკრეტებასაც მაშინ შევძლებთ. დღეს ჩვენ 59 600-მდე აღსაზრდელი გვყავს. 2016 წელს 7 ახალი ბაღი აშენდა და გაიხსნა. 10 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 5 გაიხსნება სექტემბერში და 5 ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდება წლის ბოლომდე. იმავდროულად, შემოდგომამდე 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. საბოლოო ჯამში, სამწლიანი მუშაობის შედეგად ჩვენ 25 საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩავუყარეთ და ვუყრით საფუძველს.


- როგორც ვიცით, სააგენტომ სერიოზული მუშაობა გასწია კადრების გადამზადების მიმართულებითაც, რა პოზიციის მქონე თანამშრომლებს ეხება იგი, ხომ არ გეგმავთ ახალი შტატების დამატებასაც?


- უკვე 2 თვეზე მეტია, მიმდინარეობს ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების გადამზადება. აღნიშნული პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბერში და ჯამში, გადამზადდება 420-მდე სპეციალისტი. Eეს არის ამბიციური პროექტი, რომელიც 2 წლის წინათ დავიწყეთ. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო მის განხორციელებაში. შესაბამისად, ვფიქრობ, ახალი სააღმზრდელო წლიდან ამ კუთხით ჩვენ მაღალი შედეგი გვექნება. ჩემი აზრით, ბაგა-ბაღების განვითარებაში ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ბაგა-ბაღების თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად წლების განმავლობაში არაფერი კეთდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ სისტემაში დასაქმებული აბსოლუტურად ყველა კადრი თანამედროვე სტანდარტთან შესაბამის კვალიფიკაციას ფლობდეს. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ საბავშვო ბაღში დასაქმებული ექთნების გადამზადებაზე და ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკასთან ერთად განვახორციელეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კლინიკის ბაზაზე ჩვენმა ექთნებმა პრაქტიკული და თეორიული სწავლება გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით.


2018 წლის ბიუჯეტით აუცილებლად გათვალისწინებული 2000-ზე მეტი აღმზრდელის გადამზადების პროექტი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა სხვა გამოწვევებთან ერთად.

 

- როგორც ვიცით, წინა წელს ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდა. რა კატეგორიას შეეხო ხელფასის მატება და გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი მომავალშიც?


- 2016 წელს მომსახურე პერსონალისთვის ხელფასები გაიზარდა 5-20%-ის ფარგლებში. 20%-ით მოიმატა იმ თანამშრომლების ანაზღაურებამ, რომლებსაც აქამდე ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა. კანონმდებლობის მიხედვით, აღმზრდელი პედაგოგის ხელფასთან მიმართებით იქნება შესაბამისი ცვლილება, თუმცა ამაზე წინასწარ არ მინდა ვისაუბრო. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში მომუშავეთა ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს.


- გვერდს ვერ ავუვლით კვების საკითხს, რა მიმართულებითაც წელს სერიოზული ღონისძიებები გატარდა. გეგმავთ თუ არა ცვლილებას სამომავლოდაც? ზოგადად, რამდენად მკაცრია ხარისხის კონტროლი კვების სეგმენტში?

 

-  ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წინა წლების გამოცდილება. ზოგიერთი კერძის მიმართ ბავშვები პრეტენზიული აღმოჩნდნენ, ამიტომ მენიუში ცვლილებები შევიტანეთ. მალე უნდა მივიღოთ ახალი ტექნიკური რეგლამენტი კვების მიმართულებით. ძალაში როდის შევა, ეს ცალკე გადასაწყვეტი საკითხია. დღეს კი, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მთავრობის 78-ე დადგენილებით. ცხადია, მენიუ ისევ იქნება მაღალი სტანდარტის, მრავალფეროვანი და ბავშვის სწორ და ჯანმრთელ განვითარებაზე ორიენტირებული. ჩატარდება ტენდერი და კვების სეგმენტში მომსახურებას სწორედ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაგვიწევს. პატარების უსაფრთხოება და ჯანსაღი კვება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იყოს მაღალორგანიზებული და აკმაყოფილებდეს სტანდარტს, რომელსაც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო სატენდერო პირობებში ითხოვს. ცხადია, ხარისხი მკაცრად კონტროლდება. ჩართულია მონიტორინგის ჯგუფი. ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე, თუკი დაფიქსირდება,  მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ.


- და ბოლოს, საინტერესოა, თბილისის მასშტაბით, არის თუ არა ადაპტირებული ბაღები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პატარებსაც შეუძლიათ სკოლამდელი განათლების მიღება, რამდენაც მზადაა არსებული კადრები ამ პატარების მისაღებად, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ?


-  ყველა ბაღი, რომელიც შენდება, არის ადაპტირებული. ეს კომპონენტი ერთ-ერთი მთავარი საპროექტო პირობაა. თუმცა, მოქმედ მოვაწყეთ პანდუსები და წელსაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. სულ ადაპტირებული გვექნება, დაახლოებით, 100-მდე საბავშვო ბაღი. განათლების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ამ პატარებთან მულტიდისციპლინური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირება თბილისის საჯარო ბაღებში და ეს უზრუნველყო ზუსტად სწორმა მიდგომამ, რასაც წლიდან წლამდე ვახორციელებთ. ცხადია, მომავალშიც გავააქტიურებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ამასთან, შეიქმნება ცალკე სახელმძღვანელოები სპეცპედაგოგებისთვის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიმართულებებს საბავშვო ბაგა-ბაღებში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner