logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლოც უმოკლეს ვადაში გაამართლებს
- +

20 ივლისი. 2017. 18:19


ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ფონზე, ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაამართლებს. ამის შესახებ გიორგი აბდალაძემ ჟურნალისტებს, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გაწეული რთული სამუშაოს შედეგია.

 

"პროკურატურამ საკმაოდ რთული სამუშაო ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. დევნოზაშვილი და ციხის უფროსი, .. კილერა დამნაშავედ ცნეს. პარალელურად, მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში მეორე პროცესი, სადაც ჩვენ უნდა გვცნონ უდანაშაულოდ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ. მე იმედი მაქვს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი მალე დადგეს", - განაცხადა აბდალაძემ.


ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.


მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.


მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.


ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner