ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა, რომ პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები.
მისი თქმით, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უმაღლეს დონეზე იმუშავა.
„პროკურატურამ სრულიად დასაბუთებული მტკიცებულებები წარმოადგინა. მტკიცებულებები იყო ისეთი, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ დამაჯერებელი არგუმენტები. მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულად ვეთანხმები. უკვე 100 პროცენტით დარწმუნებული ვართ დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიმართ სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ბრალდებულები, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პროკურატურა მათ ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტოგრაფებზე ზეწოლასა და ღირსებისშემლახავ მოპყრობას ედავებოდა. სასამართლომ დავით დევნოზაშვილს 4 წლითა და 6 თვით, ალექსანდრე მუხაძეს კი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.