logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ხელისუფლებამ დაადასტურა რომ ყველაფერს აკეთებს მუხტარლის საქმის გამოსაძიებლად!
- +

20 ივლისი. 2017. 22:55



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შესაბამისი გადაწყვეტილებებით და მოპოვებული მტკიცებულებით ხელისუფლებამ დაადასტურა რომ ყველაფერს აკეთებს მუხტარლის საქმის გამოსაძიებლად. დაუნახავი უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო. საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ახლა უკვე აზერბაიჯანის საგამოძიებო სტრუქტურების კონკრეტულ ქმედებებზეა დამოკიდებული", - წერს მჟავანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება.


„მიმდინარე წლის 30 მაისს შსს-მ აფგან მუხთარლის მეუღლის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება - ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომელიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა 19 კამერის ვიდეოჩანაწერი.

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ნომერ 2-ში მდებარე სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით - სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი ნომერ 4 სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება. გამოძიების მიერ გამოიკითხა ხსენებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ყველა მძღოლი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას - მეტრო სადგურ „300 არაგველებიდან" კოლმეურნეობის მოედნისა და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოკითხა ათეულობით მოწმე - ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი. ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. ამასთან, 4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდინარე ტერიტორიაზე მდებარეობას, ამოღებული და დათვალიერებულია 27 ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში მოცემულ პერიოდში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება. ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მისივე თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინცინდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე.


„სასამართლო განჩინებით შპს „მაგთიკომიდან" გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხთარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. IMEI კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე. გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე. ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner