„ბერძენიშვილს მინდა ვუთხრა, რომ მე ვერ მომსპობს და თუ ვინმე პრორუსი ან КГБ-ს აგენტია, ის და მისი ძმა არიან."- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა „რესპუბლიკური" პარტიის წევრს, დავით ბერძენიშვილს.
როგორც გადაცემა 2030-ში ინაშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკურმა პარტიამ" კოალიციას უღალატა:
„ოპონენტებისთვის იარლიყების მიწებება „რესპუბლიკურმა პარტიამ" დაიწყო. დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის გზას აგრძელებს, რადგან ამას ისიც წარმატებულად აკეთებდა, რითაც ოპონენტებს სპობდა და ანადგურებდა. ბერძენიშვილს მინდა ვუთხრა, რომ მე ვერ მომსპობს და თუ ვინმე პრორუსი ან КГБ-ს აგენტია, ის და მისი ძმა არიან. ასევე, დავით უსუფაშვილი, რომელიც სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების დაფინანსებისთვის რუსებს პირდაპირ ევაჭრებოდა. ამაზე მიანიშნებს მათი პარტიის წევრების ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც, რომ ცხინვალი და სოხუმი ჩვენი არაა.
ვექტორებზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა. როდესმე განმიცხადებია რომ რუსეთი მინდა და კრემლი მენატრება?! ჩვენი პარტიის კურსი დასავლურია. რა თქმა უნდა, დასავლურ ღირებულებებს ვაღიარებთ და თუ ვინმემ ამ ღირებულებებს უღალატა, ეს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები და მთელი "რესპუბლიკური პარტიაა". იმ დასავლეთში, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით, არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილი პოლიტიკური გუნდი სრულიად დისკრედიტირებულია." - განაცხადა ინაშვილმა.