თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოქალაქის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში იცავდა.
„2011 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გასცა. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ო.ჩ. დააკავეს პოლიციელებმა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მან მიიღო სხეულის დაზიანებები. ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლობით მომზადდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მოქალაქის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.