ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 9 მებრძოლი - დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამი კი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, გარდაცვლილთა ახლობლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.
სოზარ სუბარის განცხადებით, სიმბოლურია, რომ გმირების დასაფლავება 9 აპრილს დაემთხვა. მინისტრის განცხადებით, 9 აპრილი იყო დღე, რომელმაც შემოატრიალა საქართველოს ბედი და დაუდო საფუძველი საქართველოს თავისუფლებას.
დევნილთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომლებიც ცხედრების გადმოსვენებისა და იდენტიფიცირების პროცესში იყვნენ ჩართული.
სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 208 ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.