ამბავი, რომელსაც დღეს „ქართული სიტყვა" გიამბობთ, მხოლოდ პოლიტიკურ კი არა, სამართალდამცავ წრეებშიც გახმაურებულია და, ერთი შეხედვით, თავისი ჟოფრეიც ჰყავს და ანჟელიკაც. თუმცა მხატვრული წიაღსვლები, ალბათ, უადგილოა, მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული. მეტიც, „ქართული სიტყვის" რესპონდენტის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა, რომ იმუნიტეტის მიუხედავად, „ოცნების" დეპუტატი, „წითელი ჯვრის" ყოფილი და ამჟამად საპატიო თავმჯდომარე ნანა ყეინიშვილი პასუხისგებაში მიეცეს. საერთოდ, როგორც ნინო დარსალიას მონათხრობიდან იკვეთება, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ, ანუ „გორგიას" მფლობელმა გია გორგოშაძემ ერთ-ერთ სუფრაზე ნანა ყეინიშვილი გაიცნეს. ამ „შემთხვევითი გაცნობის" პიკი კი ის იყო, რომ ქალბატონმა ყეინიშვილმა ნინო დარსალიას და გია გორგოშაძეს აფრიკაში, კერძოდ, განაში ოქროს ბიზნესის დაწყება შესთავაზა. ამის შემდეგ მოვლენები ფატალურად ვითარდება, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყეინიშვილმა, რომელიც ამჟამად პარლამენტში „ოცნების" სახეა და, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში ადგილს საკუთარ შვილს უთმობს, განაში მიწის ნაკვეთი „გაყიდა" და ამაში ნახევარი მილიონი აიღო, თუმცა ნინო დარსალიას ნაამბობით იკვეთება, რომ სახეზეა ჩვეულებრივი აფიორა, ანუ ყეინიშვილმა - არც მეტი, არც ნაკლები - ჰაერი გაყიდა. ყოველ შემთხვევაში, დარსალია ამბობს, რომ არანაირი ოქროს ბიზნესი არ დაუწყია და ყეინიშვილს იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ მიუცია, რომ განაში მიწის ნაკვეთი შეიძინა...
ნინო დარსალია: - უცხოეთში ყველა დიდი ფირმა საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ჩემს ყოფილ ქმარს, გია გორგოშაძეს ჯიბიდან თანხის ამოღება უჭირდა, მაგრამ დავარწმუნე და აქცენტი „წითელ ჯვარზე" გავაკეთე, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციაა, თან დიდი ხანი თურქეთში ვცხოვრობდი და იქიდან ვიცოდი, „წითელ ჯვართან" იმის პრობლემა არ არსებობდა, რომ თანხა ადამიანებისთვის არ მოეხმარებინა.
- ანუ, „წითელი ჯვრის" საქართველოს ორგანიზაციას თქვენი სურვილით დაუკავშირდით?
- „წითელი ჯვრის" მაშინდელი ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი შემთხვევით გავიცანით.
- „შემთხვევით გაცნობა" რას ნიშნავს?
- ერთმანეთს ერთ-ერთ სუფრაზე შევხვდით და გადავწყვიტეთ, რომ ქველმოქმედება „წითელ ჯვართან" ერთად გაგვეწია და ამ მიზნით რამდენჯერმე იაშვილის სახელობის კლინიკაშიც ვიყავით...
- ქალბატონო ნინო, ყეინიშვილს ფულს აძლევდით და საქველმოქმედო მიზნებისთვის პროდუქტსა თუ ნივთებს ის ყიუდლობდა?
- დიახ, ფული „წითელ ჯვარში" მიმქონდა.
- ე.წ. ქეში ფული მიგქონდათ?
- რა თქმა უნდა... ყეინიშვილი მეუბნებოდა, შენი ფულით ეს და ეს გაკეთდებაო, თუმცა ჩემი შეცდომა ისაა, რომ ქვითარს ან რამე სხვა დოკუმენტს არ ვთხოვდი.
- თავიდანვე ლაპარაკი დიდ თანხაზე იყო?
- არა, ერთხელ, მაგალითად, 500 ლარი მივეცი, მეორედ - 300. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები რომ ვნახე, ეს ჩემთვის შოკი იყო. ამიტომ, ყეინიშვილს რამდენჯერმე შევთავაზე, რომ კლინიკაში საქველმოქმედო აქცია კიდევ ჩაგვეტარებინა, მაგრამ ერთხელაც დავაფიქსირე, ბავშვებს მხოლოდ ბუშტები მიუტანა. კი გავიფიქრე, დანარჩენი ფული სად წავიდა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს...
ასე იყო თუ ისე, ყეინიშვილი ნდობაში ნელ-ნელა შემოვიდა, თან გაიგო, ვისი ცოლიც ვიყავი, გორგოშაძესთან ურთიერთობა დამოუკიდებლად დაიწყო და დიდ თანხებზე ლაპარაკიც მაშინ წავიდა.
- როგორც ვიცი, ლაპარაკი ნახევარ მილიონზეა, ანუ ყეინიშვილმა გორგოშაძეს ეს თანხა პირდაპირ მოსთხოვა?
- ერთხელაც, შინ დაგვპატიჟა. „ლეპტოპი" ჩართო და გვეუბნება, აფრიკაში, კერძოდ, განაში ოქროს საბადოებია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან გვერდის ავლით, დიდი ფულის გაკეთება შეიძლება, მთავარია, მიწის ნაკვეთი ვიყიდოთ და როგორც კი გავთხრით, ოქრო ამოდისო. ამ ნათქვამმა დამაფიქრა, რადგან ჯერ ერთი, განაში მალარია მძვინვარებს და იქ რომ ჩახვიდე, სპეციალური აცრა უნდა გაიკეთო. მეორეც, სხვა კონტინენტზეა და თავისი წესები და კანონები აქვს.
- ესე იგი, ყეინიშვილმა შემოგთავაზათ, რომ განაში წასულიყავით და, ოქროს ბიზნესის დაწყების მიზნით, მიწის ნაკვეთი შეგეძინათ?
- არა, უბრლოდ, ფულის ჩადება შემოგვთავაზა.
- ეს როგორ?
- საერთოდ, მას ასეთი წესი აქვს - იდეა მაქვს და ვყიდიო.
- იდეა ერთია, მაგრამ არ გიკითხავთ, განაში მიწა როგორ უნდა ეყიდა?
- გვითხრა, რომ ამისთვის „წითელ ჯვარს" გამოიყენებდა.
- ამის უფლება კანონით აქვს?
- არა, მაგრამ იქ რომ ჩადიოდა, როგორც ამბობდა, „წითელი ჯვრის" მანქანები ხვდებოდნენ.
- ყეინიშვილმა თავისი იდეა რამდენი დაგიფასათ?
- ნახევარი მილიონი.
- ლარი თუ დოლარი?
- დოლარი...
- ვერ გავიგე, ყეინიშვილის ნათქვამში ეჭვი შეგეპარათ თუ არა?
- უბრალოდ, გავჩუმდი, რადგან ჩემი ქმრის ხასიათი ვიცოდი და სხვების თანდასწრებით წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი.
- მაშასადამე, ბატონ გორგოშაძეს ეს იდეა მოეწონა?
- დიახ და, მოკლედ რომ გითხრათ, ერთ თვეში, ყეინიშვილს, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, ნახევარი მილიონი მისცა.
- ხელზე მისცა თუ ანგარიშზე გადაურიცხა?
- გადაურიცხა.
- „წითელი ჯვრის" ანგარიშზე?
- არა, ფული განაში, აზერბაიჯანის გავლით გადაირიცხა და ამაზე შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ...
- ესე იგი, ამ თემაზე, შესაბამისად, დეპუტატ ყეინიშვილზე საქმეა აღძრული?
- რა თქმა უნდა.
- საქმე როდის აღიძრა?
- დაახლოებით, სამი თვის წინ...
- გასაგებია... ამის შემდეგ მოვლენები როგორ ვითარდება?
- ამასობაში, მე და ჩემი მეუღლე დავშორდით... ყეინიშვილმა მითხრა, გორგოშაძეს ფული არ მოათხოვინო და ეს შენი ბიზნესი იყოსო, ანუ განაში ე.წ. ოქროს ბიზნესი ჩემი უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ვიდრე გავცილდებოდით, ყეინიშვილი ჩემს მეუღლესთან უჩემოდ დადიოდა...
- ქალბატონო ნინო, ცოტა დავიბენი და, მოდით, უფრო ნათლად მითხარით: იმ დროს, როცა მეუღლეს გაშორდით, „ოქროს ბიზნესისთვის" ყეინიშვილს ფული უკვე აღებული ჰქონდა. სწორად გავიგე?
- დიახ, მაგრამ განქორწინების მერე, მოვითხოვე, რამე დოკუმენტი მოეცა, რომ ეს ფული აღებული ჰქონდა.
- დოკუმენტი ყეინიშვილს მოსთხოვეთ?
- დიახ და ნოტარიული აქტით აღიარა, რომ 87 ათასი აქვს წაღებული.
- აკი, ნახევარი მილიონი?
- 400 ათასი სხვა ანგარიშზეა გადარიცხული, მაგრამ არ ვიცი, ეს 400 ათასი რაში „გაუბარტერეს". ალბათ, იმაში, რომ ყეინიშვილი გორგოშაძეს ეუბნებოდა, ხელისუფლებაში მოვალ და შენი პატრონი ვიქნებიო...
- მოკლედ, ყეინიშვილმა ჰაერი მოგყიდათ?
- დიახ.
- ეს ხომ თაღლითობაა?
- სისხლის სამართლის საქმე სწორედ თაღლითობის მუხლითაა აღძრული. სხვათა შორის, „წითელ ჯვარში" მოტივირებული ახალგაზრდა ადამიანები მუშაობენ, მაგრამ მახსოვს, ყეინიშვილი მეუბნებოდა, მე ამათ ვიყენებ, ესენი მონები არიან და მე ასე ვცხოვრობო. შვილებსაც ამას ეუბნება, იმიტომ გასწავლეთ, რომ იდეა გაყიდოთ და სხვები გამოიყენოთო.
...ნანა ყეინიშვილის მეუღლე, ურუზმაკი განაში წავიდა, საიდანაც დაბრუნებულს მალარია დაემართა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. მთელი „წითელი ჯვარი" ღამეებს უთენებდა, ერთი ღამე საავადმყოფოში მეც გავათენე...
- ყველაფერი ეს 2012 წლის არჩევნებამდე ხდება?
- დიახ, 2010-2011 წლებში...
- განაში მყიფე მშვიდობაა. წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტრო, როგორც ცნობილია, იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩართული. ხომ არ ეჭვობთ, რომ ზემოხსენებული თანხა რაღაც ფორმით ამ ბიზნესს ხმარდებოდა?
- ვერ გეტყვით... საერთოდ, ეს ბინძური საქმეა!
მოკლედ, საქართველოში მალარიის წამალი ვერ ნახეს. ყეინიშვილმა განაში დარეკა, საიდანაც „წითელი ჯვრის" იქაური თავმჯდომარე ჩამოვიდა და ამპულა ჩამოიტანა, რომელმაც აეროპორტში „კურტკა" დაკარგა და პერანგით, მობუზული იდგა. ყეინიშვილს რომ უთხრეს, სცივაო, მიუგო, რა ვქნა, მე ხომ არ ვუყიდიო. ის კი არა, შინაც არ მიიპატიჟა და საჭმელს „წითელი ჯვრის" თანამშრომლები აჭმევდნენ...
- ამ ადამიანს თქვენს საქმეზე არ დაელაპარაკეთ?
- გეტყვით... განაში სამინისტროები კი არა, „ჩიფებია", ყველა „ჩიფს" თავისი მიწა-წყალი და კანონი აქვს. ჰოდა, ეს ადამიანი ყეინიშვილს ეუბნებოდა, მართალია, „წითელი ჯვარი" ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რამე შეგვიძლიაო...
ინგლისური არ ვიცი, მაგრამ თარჯიმნის დახმარებით, ამ ადამიანთან დალაპარაკება ორ-სამჯერ ვცადე, მაგრამ, როგორც კი დამინახა, ყეინიშვილი მოვარდა და მომაცილა, დაღლილიაო.
ამასობაში, ყეინიშვილი „ოცნების" სიაში შეიყვანეს. ტელეფონზე აღარ მპასუხობდა... მერე, მეუღლესთან ერთად, ჩემთან, სახლში მოვიდა და მითხრა, უკვე დეპუტატი ვარ, თან იცი, ვისგანაც და თუ არ გაჩუმდები, ვნახოთ, ვისი აჯობებსო.
ერთი სიტყვით, ფული კარგად „დაბოლებაში" გადავიხადეთ. საერთოდ, ყეინიშვილს „დაბოლება" კარგად გამოსდის!
- ქალბატონო ნინო, სამართალდამცავებს თავიდანვე რატომ არ მიმართეთ?
- იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანტაჟი იყო.
- ყეინიშვილი გაშანტაჟებდათ?
- დიახ, მეუბნებოდა, ხმა რომც ამოიღო, რა აზრი აქვს, ხელში დოკუმენტიც არ გაქვს, გორგოშაძე შენ არაფერს მოგცემს და ყველაფერ ამას რითი დაამტკიცებო.
- მართლაც, რითი დაამტკიცებთ?
- გადარიცხვებს ამოვიღებ, თან მივხვდი, რომ საქმე მთლად ასე არაა, ანუ ამ ქალის ფსიქოლოგიაც გავიხსენე - შეიძლება, არავისთან მეგობრობს, მაგრამ კამერების წინ გვერდით დაუდგება და ამით დაგანახვებს, რომ მისი ახლობელია. ისე, დასაკარგი აღარაფერი მაქვს!.. სხვათა შორის, ურუზმაკმა რამდენჯერმე მითხრა, ამ თანხას გადაგიხდი, ოღონდ გვაცადეო.
- ანუ, აღიარა, რომ ჰაერი მოგყიდათ?
- ბოლოს, ასე მითხრა, გენაცვალე, ბიზნესს მოგებაც აქვს და წაგებაცო...
- განაში მოპოვებული ოქრო სად უნდა გაგეყიდათ?
- განაშივე „სლივკები" ჩამოისხმებოდა, რომელსაც სომხეთში გავყიდდით.
- ქალბატონო ნინო, ყეინიშვილი მას შემდეგაც გაშანტაჟებთ, რაც სარჩელი შეიტანეთ?
- პირდაპირ კონტაქტზე არ გამოდის, თუმცა ვიღაცეებს ეუბნება, რომ თითქოს გორგოშაძის ცოლი კი არა, საყვარელი ვიყავი. ჩემზე ისიც უთქვამს, ეგ ქალი „ვერააო".
- თქვენი მონათხრობით შთაბეჭდილება მექმნება, რომ დეპუტატ ყეინიშვილს ვიღაც „კრიშავს", თორემ შეუძლებელია, ამხელა აფიორაზე წავიდეს...
- ამ ქალის ტიპაჟი საკმაოდ კარგად შევისწავლე და მივხვდი, რომ არასოდეს არაფერი გაუჭირდება და ყოველთვის „მომჯდარი" იქნება!
- როცა გაიგეთ, რომ „ოცნების" სიაში იყო, არ გიცდიათ, ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიგეწვდინათ?
- ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს შევხვდი და დამპირდა, რომ ყველაფერს გაარკვევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან დავაგვიანე... ტელევიზორს რომ ვრთავ და ყეინიშვილსნაირ ადამიანებს ვხედავ, ვგრძნობ, რომ ჩემი შვილიც ასეთივე ქვეყანაში იცხოვრებს!
- დღეს „გორგიას" ყეინიშვილი მფარველობს?
- დიახ.
- და ეს მფარველობაში რაში გამოიხატება - „გორგია" ბიზნესს უკანონოდ აწარმოებს?
- რომ შევიდნენ და საწყობი დაითვალონ, მიხვდებიან, პირამიდაა აწყობილი.
- ანუ?
- ყველაფერი დაუთვლელია - რა იყიდება, დამტვრეული რა ფასად იყიდება და ასე შემდეგ...
სხვათა შორის, ნანა ყეინიშვილმა თამარ მეფის საფლავის ძებნა დაიწყო და ამითაც ფულს აკეთებს.
- ეს როგორ?
- ყეინიშვილს ურთიერთობა მოხუც აკადემიკოსებთან აქვს, რომელთაც ეუბნება, ძალიან ჭკვიანები ხართ, მაგრამ სახელმწიფო ვერ გიყენებთო და ორგანიზაცია შეუქმნა. ამ ორგანიზაციამ ჟურნალიც გამოსცა, სადაც წერია, ერთადერთი ნამდვილი ჯვარი ოთხკუთხაა, რომლის შუაგულშიც ვარდი უნდა იყოს და ეს ხვალინდელი საქართველოაო. მოკლედ, „გორგიას" ვაგონი აყიდინა, ერთ-ერთ რაიონში ჩადგა და თამარ მეფის საფლავის საპოვნელად გათხრები დაიწყო.
- ქალბატონო ნინო, ყველაფერ ამის შესახებ, რასაც მიყვებით, „წითელი ჯვრის" სათაო ოფისს რატომ არ აცნობეთ?
- „ფრეშნიუსის" მიერ მომზადებული ფილმი გავუგზავნე, მაგრამ „წითელი ჯვარი" ძალიან დახურული ორგანიზაციაა. სხვათა შორის, „წითელი ჯვრის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დღეს ყეინიშვილის შვილია, ანუ მემკვიდრეობით გადასცა და თუ დეპუტატობა აღარ გამოუვა, ისევ „წითელ ჯვარში" დაბრუნდება. „წითელ ჯვარ საქართველოს" თავის დროზე მიაწერინა, რომ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარეა. ისე, „წითელი ჯვრის" ავტომანქანას ქარქუსოვი იყენებს, საწვავის ტალონებიც ოჯახს ხმარდება, რის გამოც შენიშვნა მისცეს, მაგრამ ამაზე ქალბატონმა ყეინიშვილმა უპასუხა, „წითელი ჯვრის" საპატიო თავმჯდომარე ვარ და მეკუთვნისო. ყველა „წითელ ჯვარს" ეხმარება და ამას კი დახმარება, თურმე, აქეთ ეკუთვნის!
- ქალბატონო ნინო, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ გორგოშაძეს „ნაციონალები" მფარველობდნენ...
- დიახ, ყეინიშვილის დახმარებით...
- ესე იგი, ყეინიშვილი „ნაციონალი" იყო და მერე, „ოცნებელი" გახდა?
- ვაიმე, პირველი ვარ თუ უკანასკნელი, ვინც ამას ამბობს? ამაზე მთელი დოკუმენტები არსებობს!.. ყეინიშვილი იმისაა, ვინც სჭირდება! დავით საყვარელიძის დედასთან დღესაც მეგობრობს! სხვათა შორის, „გორგიას" პრობლემები ჰქონდა და ყეინიშვილი ნანობდა, ნეტავ, ადრე რატომ არ გიცნობდით, ყველაფერს ლამაზად მოვაგვარებდიო და გია გორგოშაძეს ისიც უთხრა, „ნაციონალებთან" პრობლემები არ შეგექმნებოდაო...
- თუ იცით, ყეინიშვილი „ოცნებაში" როგორ მოხვდა?
- ყეინიშვილი იქ წავა, ვინც გადაუხდის!
- დავით საგანელიძესაც ახსენებთ. რა შუაშია?
- ყეინიშვილი ამბობდა, ჩემი პატრონია და საინვესტიციო ფონდში ყველაფერს ვაკონტროლებო. ახლა, საინვესტიციო ფონდს თანხა გამოაყოფინა და ზუგდიდში „გორგიას" ფილიალი გაახსნევინა, თუმცა ამისთვის „გორგიას" რამდენი გამოართვა, არავინ იცის...
- ქალბატონო ნინო, თუკი ყეინიშვილს ამდენი შეუძლია, არ გეშინიათ, რომ აქტიურობის გამო, თქვენზე შური ფიზიკურად იძიოს?
- არ გამოვრიცხავ და ყველაფერს ველოდები, თუმცა საგამოძიებო სამსახურები ყეინიშვილის თემაზე ბევრ ისეთ ინფორმაციას ფლობენ, რაც გრიფით „საიდუმლოა" და, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის მანდატი იცავს, ჩემმა ადვოკატმა პროკურატურას მისი დაკითხვის შუამდგომლობით უკვე მიმართა.
- თუკი ყეინიშვილი ასეთი „ყოვლისშემძლეა", თქვენი აზრით, დეპუტატობა რიღასთვის უნდოდა?
- ფულის გასაკეთებლად! ამ ადამიანმა ფულის კეთება კარგად იცის!
- ქალბატონო ნინო, ამბობთ, რომ „გორგია" ფეხზე თქვენ დააყენეთ. შესაბამისად, ოფიციალური მეწილე რატომ თავიდანვე არ გადით?
- (იღიმება) შეყვარებული სულელი ქალი არ გინახავთ? თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მსოფლიოში ასეთი ერთადერთი არ ვარ!
- „ოცნების" მთავარი საარჩევნო სლოგანი სამართლიანობის აღდგენა იყო. ამ დროს, კოალიციის სიაში ყეინიშვილი „იჯდა". აქედან გამომდინარე, „ოცნების" დაპირების გჯეროდათ?
- ამ ქალს რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რა ხდება-მეთქი... თქვენ არ იცით, აქ კიდევ რა ამბებია. ხანდახან ვფიქრობ, რომ წიგნი დავწერო, რომელშიც შეიძლება, ათ მილიონზე მეტი ავიღო...
- რამდენი წლის შვილი გყავთ?
- ჩემი ქალიშვილი 23 წლისაა.
- მერე, არ გეშინიათ?
- მეუღლეს რომ გავშორდი, ერთხელაც, ღამის სამ საათზე, ტელეფონმა დარეკა და უცნობმა მამაკაცმა მკითხა, ნინა ხართო? უკრაინაში ვსწავლობდი, იქ ნინას მეძახდნენ და ვიფიქრე, ვინმე იქაური რეკავს-მეთქი.
- მერე?
- მეკითხება, თქვენთან საათი რა ღირსო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და რა საათზე მელაპარაკებოდა... ასე სამი თვე მაშანტაჟებდნენ. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ უცნობები მეუბნებოდნენ, ქერა, ცისფერთვალა ნინასთან ვრეკავთო. ასეთი გარეგნობის კი ჩემი შვილია. ბოლოს, ერთმა ღვთისნიერმა მითხრა, ქალბატონო, ტელეფონის ეს ნომერი საიტ „მამბა.რუ"-ზე ვნახეო...
- ყეინიშვილის თაობაზე „ოცნების" ლიდერები საქმის კურსში ჩააყენეთ?
- არა... როგორც ვიცი, ამ ქალზე რაღაცები „ნაციონალების" დროს დაიწყეს და ფინანსურში ბევრი მასალა დაიდო, მაგრამ კარგი ურთიერთობა ადეიშვილთან ჰქონდა.
- ეს საიდან იცით?
- ადეიშვილთან მაგზავნიდა, წადი და ერთ ადამიანზე „დანოსი" გააკეთე, ოღონდ მე არ მახსენოო.
- უიმედოდ ხართ, ქალბატონო ნინო?
- არ ვიცი, რისი, მაგრამ ქვეცნობიერად რაღაცის მჯერა.
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი
რედაქციისგან: „ქართული სიტყვა" არაფერს ამტკიცებს. უბრალოდ, იმ ადამიანთან დიალოგი გავასაჯაროვეთ, რომელმაც დასახმარებლად მოგვმართა. აქვე, განვმარტავთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მეორე მხარესაც მოვუსმენთ.