logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი 26 მაისის საქმეზე: ყველა დამნაშავე აგებს პასუხს!
- +

29 მარტი. 2016. 16:29



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი 26 მაისის ამბებს იხსენებს და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში სამართლიანობა სრულად დღემდე არ აღდგენილა.


ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ პროცესებზე კარლო კოპალიანი „რეპორტიორს" ესაუბრა.


- 26 მაისს რომ დამიჭირეს, მარტო ვიყავი იმ პარლამენტიდან აქციაზე. ჩემს გარდა არცერთი დეპუტატი იქ არ მდგარა. ასეთი მარაზმატიკები მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. იქ იმიტომ ვიდექი, რომ რეჟიმის დამარცხება გვინდოდა. უნდა გენახათ, რა ღირსეული ადამიანები იდგნენ.


26 მაისის დილას რომ მივედი სახლში, როცა გამათავისუფლეს მას შემდეგ, ძალიან ხელჩაქნეული ვიყავი. იქ ისეთი საშინელება ვნახე, როგორ შემოგვარტყეს ალყა და საკუთარ ხალხს როგორ გადაუარეს, ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველებოდა და მას ვიღაც დიქტატორი ან მასზე უარესი მართავდა.


სანამ პარლამენტში მოვხვდებოდი, მეუღლე მყავდა ცუდად. ადგილობრივ თვითმმართველობაში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა ჩემი კანდიდატურა. არ ჩავსულვარ რაიონში, ისე ამირჩია ხალხმა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი აცხადებდნენ, რომ მე ჩემი ცოლის ავადმყოფობა გამოვიყენე გასამარჯვებლად. ჩემი მეუღლე კი 2 თვეში გარდაიცვალა. ამას რომ იტყვის ადამიანი, დარწმუნებული ვარ, თავად იზამდა მაგას, რაც ჩემზე მოიგონა. ასეთ ხალხთან გვქონდა საქმე, ყველაფერზე წამსვლელ ადამიანებთან. შვილებზე მემუქრებოდნენ პარლამენტარი რომ გავხდი. ფულს მთავაზობდნენ, დეპუტატები მომიგზავნეს. მაგრამ, მე უარი ვთქვი და ბოიკოტის რეჟიმში გადავედი პარლამენტში.

 

- როგორ ფიქრობთ, აღადგინა თუ არა დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობა?


- დამნაშავეები საკადრისად დასჯილნი არ არიან. თუმცა, ყოფილი მინისტრები და სერიოზული თანამდებობის პირები სხედან დღეს ამ საქმის გამო ციხეში.


ძალიან ბევრი ხალხი ჰყავდათ „ნაციონალებს" შეშინებული. ჩემი ყველა ახლობელი და ნათესავი სამსახურებიდან გაყარეს. ჩვენ კი ასე არ მოვქცეულვართ. ჩვენ კონკურსები ჩავატარეთ და ვინც გადალახა ბარიერი, ისინი დავტოვეთ სამსახურებში, მიუხედავად იმისა, „ნაციონალების" მხარდამჭერები არიან თუ არა. ჩვენ არ გავყარეთ ისინი სამსახურებიდან, როგორც მათ გააკეთეს 2004 წელს. ამას კი ის ადამიანები ვერ ხვდებიან, რომლებიც დღემდე კაბინეტებში სხედან, გული წითელი აქვთ და გარედან კი ლურჯი მაისური აცვიათ. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში საბოტაჟის ნიშნებია. მაგრამ, კადრების ჩანაცვლება ერთდროულად ვერ მოხდება. ყველაფერი ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს.


მოვა დრო და ვინც დამნაშავეა, ყველა აგებს პასუხს. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. შეიძლება, ჩვენი პარლამენტის და საზოგადოების მხრიდან რეჟიმის პოლიტიკური შეფასებაც გაკეთდეს. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. თუ ვინმე სადმე ხელს აფარებს ვინმეს, ისიც დაისჯება. თუ სახელმწიფოს აშენება გვინდა, სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს. ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ჩვენმა და მომდევნო ხელისუფლებებმაც მსგავსი დანაშაულები აღარ გაიმეორონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.


ჩვენ ყველაზე მეტად ამაზე გვემდურის ჩვენი საზოგადოება, სამართალი არ აღადგინეთო. სამწუხაროდ, ამას ზოგიერთი ოპოზიციური ძალა სათავისოდ იყენებს.


- EPP-ის პრეზიდენტის განცხადებაზე რას ფიქრობთ?


- იქ კიდევ ჰყავთ „ნაციონალებს" ლობისტები, რომლებთანაც სწორი ინფორმაცია არ მიაქვთ. როგორც ჩანს, მათ რაღაც ვალდებულებები აქვთ, მაგრამ რა, არ ვიცი. ამიტომ, რთულია ამ ყველაფრის მართვა.


მიმდინარეობს საშინელი პროპაგანდა. „ნაციონალებს" გველური გათვლა აქვთ გაკეთებული. საზოგადოებაში ნერგავენ აზრს, რომ ევროპა სიბილწესთან და გარყვნილებასთან ასოცირდება, შემდეგ კი ხელისუფლებას აბრალებენ კურსის შეცვლას. მათ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად გათვალეს. ისინი ცდილობენ, საზოგადოებას დასავლურ ღირებულებებზე შთაბეჭდილება დაეკარგოს. და მერე ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებენ. არაფერი პრორუსული დამოკიდებულება არ გაზრდილა. ეს არის მათი შემოქმედების ნაყოფი. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი.


- ფარული კადრების გავრცელებაზეც გკითხავთ. ელოდებით თუ არა, რომ პროკურატურა საქმეს დროულად გამოიძიებს და როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შედის დღეს ამ კადრების გავრცელება?


- დღევანდელი ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ასეთი საქმის გამოძიება ძალიან ძნელია. სხვა ქვეყნების მაგალითზეც შეგვიძლია ამის თქმა. ესეც გათვლილი აქვთ. იმიტომ ავრცელებენ ამ ყველაფერს, რომ ხელისუფლებას დაბრალდეს. მე ცალსახად ვადებ ხელს, რომ ეს ყველაფერი არის „ნაციონალების" მოქსოვილი. იფიქრეს, რომ ამ თემის აწევით ხეირს ნახავდნენ. მაგრამ, ვერ ნახეს ხეირი, რადგან ხალხმა ყველაფერი კარგად იცის. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner