logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილის განსხვავებული აზრი
- +

9 აპრილი. 2016. 16:35



2013 წლის 3 სექტემბერს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ წლების მანძილზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალების იმ ნაწილის განადგურების თაობაზე, რომელიც მოქალაქეების პირად (სექსუალურ) ცხოვრებას შეეხება.


ვადასტურებ პატივისცემას კომისიის წევრებისა და მათი გადაწყვეტილების მიმართ. მადლობელი ვარ, რომ კომისიამ გაითვალისწინა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების არგუმენტები და არ მიიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოჩენილი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უკლებლივ ყველა ფაილის განადგურების შესახებ, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია დიდწილად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცულობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებსა და სტანდარტებს.


ვინაიდან, მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის დასადასტურებლად სახეზეა გაცილებით მეტი სამართლებრივი არგუმენტი, ვიდრე მიღებული გადაწყვეტილების სისწორის დამადასტურებელი, შევეცდები, მხოლოდ ძირითად და სამართლებრივ არგუმენტებზე გავამახვილო კომისიისა და საზოგადოების ყურადღება:


1) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში აღმოჩენილი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალა წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას, ანუ მასალას, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოძიების შედეგად, მითითებულ მტკიცებულებათა დახმარებით უნდა დაედგინა დამნაშავე პირები - დამკვეთები და შემსრულებლები, ასევე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაზარალებულ პირთა შელახული უფლებების დაცვა. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აღმოჩენილი მასალა წარმოადგენს ზღვაში წვეთს იმ მასალასთან შედარებით, რომელსაც სხვადასხვა მიზნითა და მოტივით დანაშაულებრივი გზით მოიპოვებდნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ხოლო ამ მასალის დიდი ნაწილი გატანილია. გაუგებარია, როგორ უნდა დადგინდეს დეტალური გამოძიების გარეშე ამ მასალის გამტანების ვინაობა, უზრუნველყოფილ იქნეს მათი ადგილსამყოფლის დადგენა, ამოღება და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობა. აქვე მსურს აღვნიშნო აზრი იმის შესახებ, თითქოს ყოველივეს უზრუნველყოფა მოხდება დარჩენილი მასალების გამოყენებით - არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან თითოეულ ცალკე აღებულ დანაშაულს საკუთარი დამკვეთი და შემსრულებელი ჰყავს, ასევე დანაშაულის ჩადენის განსხვავებული მოტივები, ხოლო თუ ასეთი - ერთი პიროვნება ან ერთი ჯგუფია, აღნიშნულიც სწორედ გამოძიების ფარგლებშია დასადგენი.


2) ხსენებული მასალის დახმარებით გამოძიების შედეგად, შესაძლებელი იყო იმ მოტივებისა და განზრახვის დადგენა, რომელიც საფუძვლად დაედო ასეთი ტიპის სისტემური დანაშაულის მომზადებასა და ჩადენას. კერძოდ, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები წლების განმავლობაში შერჩევით, მიზანმიმართულად აწარმოებდნენ დანაშაულებრივი გზით მოქალაქეების მიყურადებასა და თვალთვალს, გამოძიებას უნდა დაედგინა აღნიშნულის მოტივები: ხომ არ ჰქონდა ადგილი მაკომპრომიტერებული მასალების გამოყენებითა და გასაჯაროების მუქარით ადამიანების მიმართ შანტაჟს, წამებას, დანაშაულში ჩათრევას ან იძულებას. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დამდგარიყო სასტუმროების იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოქმედებით თუ უმოქმედობით ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას და უკანონოდ, სასტუმროების ნომრებში დამნაშავე პირებს დაამონტაჟებინეს ფარული კამერები, ხოლო თუ ასეთი პირების მიმართ შსს თანამშრომლების მხრიდან, გამოძიება დაადგენდა ზეწოლასა და შანტაჟს - ესეც იქნებოდა კიდევ ერთი ღირებული ჩვენება სისტემური დანაშაულის მტკიცების პროცესში. ამასთან, გამოძიებას უნდა დაედგინა და შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭებინა ყველა იმ პირის მოქმედებისათვის, რომლებმაც საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებსა და ოფისებში ფარული კამერებისა და მოსასმენი აპარატურის უკანონოდ დამონტაჟებას შეუწყვეს ხელი.


3) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს მტკიცებულებათა დართვის, შენახვის და განადგურების წესს. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, გამოძიებისთვის ღირებული მასალის, სისხლის სამართლის საქმეზე დართვას წყვეტს გამომძიებელი, ხოლო განადგურებას - სასამართლო. ამრიგად, გაუგებარია და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუთავსებელია გამოძიებისა და სასამართლოს კომპეტენციაში კომისიის მხრიდან უხეშად ჩარევა.


4) საზოგადოების რამდენიმე წევრის მიერ გამოთქმული მოსაზრება - თითქოს საქართველოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის ნორმათა შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული მასალის შენახვა აკრძალულია და ამ მიზეზით ეს მასალა უნდა განადგურდეს, არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, არეგულირებს ოპერატიული თანამშრომლების საქმიანობას, კომპეტენციას და უფლება-მოვალეობების ზღვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კანონის უხეშად და სისტემატურად დარღვევა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ თანამდებობრივ დანაშაულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს სრულყოფილად გამოძიებული, ხოლო დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მკაფიოდ არეგულირებს და ადგენს გამოძიების მიმდინარეობას, მტკიცებულებების მოპოვების, დართვისა და განადგურების წესებს და ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებ დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს - გამოძიების ორგანო და სასამართლო.


5) არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ის მოსაზრება, თითქოს არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი მე-8 მუხლი, ევროპის საბჭოს საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით, თურმე ასეთი საქმეების გამოძიება არ შეიძლება, ვინაიდან ეხება მოქალაქეების პირად ცხოვრებას. წარმოუდგენელია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ტიპის დანაშაული არ გამხდარიყო სრულყოფილი გამოძიების საგანი, ხოლო ფაქტობრივი მტკიცებულებები განადგურებულიყო. სწორედ ამ კონვენციის მუხლები დაარღვიეს იმ შსს-ს თანამშრომლებმა, რომლებიც აწარმოებდნენ პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევას და ზუსტად ამის გამო უნდა დადგეს მათი სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო ამ მასალების განადგურებით, ფაქტობრივად შესაძლებელია, დამნაშავე პირებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ამასთან, ვალდებული ვარ, აღვნიშნო, რომ მიუხედავად ხშირი აპელირებისა ევროპულ კონვენციასა და მის პრეცედენტულ სამართალზე, ჩემს მიერ არაერთგზის დასმულ კონკრეტულ თხოვნაზე, წარმოდგენილი ყოფილიყო თუნდაც ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან, რომელიც დაადასტურებდა მასალის განადგურების აუცილებლობასა და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობას, კონკრეტული პასუხი დღემდე არ მიმიღია.


6) ბატონი თომას ჰამერბერგის რეკომენდაციაში აღნიშნული მოსაზრება, რომ ეს მასალა უნდა განადგურდეს, ჩემს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა - უნდა განადგურდეს ის მასალა, რომელიც გამოძიებისთვის არ არის ღირებული, თუმცა ვიდრე გამოძიება არ გადაწყვეტს, რომელი მასალაა ღირებული, რომელი უნდა განადგურდეს და რომელი - არა, გაუგებარია, როგორ იღებს კომისია ასეთ გადაწყვეტილებას და რა კრიტერიუმებით ადგენს, რომელი მასალაა გამოძიებისთვის ღირებული ან რომელი - არა.


7) არგუმენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამნისტიის და ამ მიზეზით გამოძიების არდაწყების თაობაზე ასევე ვერ იქნება ჩემს მიერ გაზიარებული, ვინაიდან მსოფლიო სამართლის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომლის დროსაც გამოძიების გარეშე, არაპროცესუალურ პირს ან პირებს მოეხდინათ დანაშაულის საბოლოო კვალიფიკაცია და იქვე განესაზღვრათ ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის ამნისტირება.  გარდა აღნიშნულისა, საქმის ვითარების გაცნობის შედეგად (არა საბოლოო კვალიფიკაციით), იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ისეთი მუხლებიც, რომლებიც არ ყოფილა ამნისტირებული, მაგალითად: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, გაფლანგვა (საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში), იძულება, წამება და ა.შ. აღნიშნულის დადასტურება-უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი გამოძიების პირობებში, რაც სამწუხაროდ, ამ ნაწილში ვეღარ ჩატარდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების მიერ წლების განმავლობაში, საძინებლებში, კონსპირაციულ ბინებში, სასტუმროებში, სამუშაო კაბინეტებში და სხვა ადგილებში მოქალაქეების სექსუალური ცხოვრების დანაშაულებრივად მოპოვებული კადრების განადგურების თაობაზე ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკას, ხელს შეუშლის მასშტაბური და სისტემური დანაშაულის სრულყოფილ გამოძიებას, დამნაშავე პირების დადგენასა და მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.


კიდევ ერთხელ ვადასტურებ პატივისცემას კომისიის წევრებისა და მათი აზრის მიმართ.


პატივისცემით,

კახა კახიშვილი


2013 წელი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner