ავტორი სოფო ხუგოიანი
დარწმუნებული ვარ, „ეროვნულ ფორუმს" არჩევნებზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე „რესპუბლიკელებს!"
კოალიციაში მიმდინარე პროცესები, „რესპუბლიკელებისა" და „ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილება არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო სია, პრეზიდენტის მიერ საარჩევნო თარიღის გამოცხადება, - ამ თემებზე „რეპორტიორს" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.
- როგორ შეაფასებთ „რესპუბლიკელებისა" და „ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილებას არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით და დააზარალებს თუ არა ეს „ქართულ ოცნებას"?
- „რესპუბლიკელების" და „ეროვნული ფორუმის გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორებით იყო განპირობებული და ამის ცალსახად შეფასება არ გამოვა.
„რესპუბლიკელები" ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ კოალიციაში დარჩენას და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოალიციიდან გასვლა მათი ინიციატივა არ იყო. როგორც ჩანს, ეს „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ინიციატივა იყო. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა და თვლის, რომ ამის რესურსი აქვს. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, პროდასავლური ვექტორი, რომლის დემონსტრატორები იყვნენ „რესპუბლიკელები", მათთვისაც არ იყო უცხო და თავადაც გაართმევენ თავს.
რაც შეეხება „ეროვნული ფორუმის" არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას, შეიძლება „ქართული ოცნების" ინიციატივა ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, „ფორუმის" სურვილიც იყო. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება შეიძლება ასე, „ფორუმის" გასვლა „ქართული ოცნებისთვის" დანაკარგი არ არის, მაგრამ „ფორუმმაც" გაითავისუფლა თავი გარკვეული პირობითობებისგან. „ფორუმი" ქართველი საზოგადოების თვალში ასოცირდება ტრადიციტულ მიდგომებთან, მათ იდეოლოგიაში ეროვნულობის ელემენტი მეტია, ვიდრე სხვა პარტიების იდეოლოგიაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ „ფორუმს" მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე „რესპუბლიკელებს". თუმცა „ფორუმის" უარყოფითი მხარე ის არის, რომ მათი აქტივობა შეზღუდულია ხოლმე, ამიტომ მათ მეტი მუშაობა სჭირდებათ, რომ დაუმტკიცონ არა მხოლოდ საკუთარ ელექტორატს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომ ისინი დგანან ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე. მაგრამ ტრადიციული ფასეულობები არ მოდის წინააღმდეგობაში იმ თანამედროვე გამოწვევებთან, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
- ამ ორი პარტიის დამოუკიდებლად გასვლა როგორ იმოქმედებს არჩევნებზე „ქართული ოცნების" შედეგებზე?
- თუ დავუჯერებთ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოების დაახლოებით 60% გაურკვევლობაშია, ყველა პარტიას თანაბრად მოუხდება ბრძოლა ამ 60%-თვის. ამიტომ, როგორც „ქართულ ოცნებას", ასევე „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ მყარი ელექტორატიც და არსებობს იმ ტიპის ელექტორატიც, რომელიც ფიქრობენ, ოღონდ ნაციონალები და „ოცნება" არ იყოს ხელისუფლებაში და მოწინააღმდეგეს მისცემენ ხმას. როგორც უკვე აღვნიშნე, 60%-თვის ყველას ერთნაირად მოუწევს ბრძოლა. მაინც ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას" მეტი შანსი აქვს, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს. ასე რომ, არ არის 2012 წელი და ამ ორი პარტიის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა „ქართულ ოცნებას" ზიანს არ მიაყენებს.
- როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკელები" პოსტებს დატოვებენ და პარლამენტში უმრავლესობა დაიშლება, ეს სირთულეებს შექმნის. ეთანხმებით თუ არა უსუფაშვილის განცხადებას?
- ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა უმრავლესობის დაშლაზე საუბრობს. რადგან პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, ბევრი სამუშაოა და უმრავლესობის დაშლა გამოიწვევდა დროის კარგვას, დაიწყებოდა პოლიტიკური ბრძოლა ისეთი ფორმით, რომელიც საპარლამენტო მუშაობის შეფერხებას გამოიწვევდა. რაც შეეხება პირველ ნაწილს - მთავრობიდან წასვლასთან დაკავშირებით, ეს საკამათოა, რადგან შესაძლოა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდეს. თუმცა პირადად მე მაინც სტაბილურობის მომხრე ვარ, თუ ეს მინისტრები საქმეს არ აფუჭებენ, შესაძლოა, დარჩნენ თავიანთ პოსტებზე არჩევნებამდე, რადგან ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
- ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება 14 მაისს, კეთდებოდა განცხადებები, რომ ყრილობა აპრილში იქნებოდა. რამ გამოიწვია თარიღის შეცვლა?
- როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისინი მომზადებას ვერ ასწრებენ, კონფერენციების ჩატარებას ყველა რეგიონში და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება საორგანიზაციო საკითხებმა განაპირობა. შესაძლოა, სხვა მიზეზიც იყოს.
- აქტუალური თემაა - როგორი უნდა იყოს ახალი საარჩევნო სია, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაკომპლექტდეს სია, უნდა გაკეთდეს თუ არა აქცენტი ცნობად სახეებზე?
- ქართველი საზოგადოება ასეთ სიებს მიჩვეულია, ხშირ შემთხვევაში, ცნობადი სახეები ახდენენ გავლენას ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, ყველა შეეცდება, მათ პარტიებში ცნობადი სახეების გადანაწილება მოხდეს. ნაწილობრივ „ქართული ოცნებაც" ასე მოიქცევა, ძირითადი ნაწილი, პირველი ოცეული დაკომპლექტებული იქნება იმ მინისტრებით, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, მაგალითად სერგეენკო, კვირიკაშვილი აუცილებლად იქნება პირველი ნომერი და ასეთი ადამიანების შემდეგ იქნებიან ისინი, ვინც პარლამენტში მუშაობის დროს დადებითი იმიჯი შეუქმნა პარტიას. შესაძლოა, იყვნენ სავალდებულო პიროვნებებიც, ადამიანები, რომლებმაც ვერ დაიმსახურეს საზოგადოების სიმპათია, მაგრამ საჭირონი იყვნენ პარტიული მუშაობის პროცესში. გარდა ამისა იქნებიან საზოგადოების ის წარმომადგენლებიც, რომლების მიმართაც ამომრჩეველს დადებითი დამოკიდებულება აქვთ.
მთავარია არა ცნობადი სახეები, არამედ საჭირო და მცოდნე ადამიანები. როგორც ვიცი, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარი კანდიდატი უნდა იყოს ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც იყო საკრებულოს წევრი და თავისი ადრინდელი მუშაობით თავი არავისთვის დაუმახსოვრებია. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ფეხბურთელი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, პირველ რიგში საორგანიზაციო, ინტელექტუალური და ერუდიციის თვალსაზრისით უნდა იყოს შერჩეული და არა ვიღაცის მეგობრობის გამო.
- გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში არ გამორიცხავს, ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობას. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და ეს ხომ არ ნიშნავს ახალი კოალიციის შექმნას?
- ეს არ ნიშნავს ახალი კოალიციის შექმნას, თანამშრომლობა თუ არ იქნება პარლამენტში შემავალ პარტიებს შორის, მაშინ დაკავებულები უნდა იყვნენ პარტიული ცხოვრებით. არის თემები, რომლებზეც პარტიები ვერ თანამშრომლობენ და თემები, რომლებზეც თანხმდებიან და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. ამ სამ სუბიექტს შორის ახალი კოალიციის შექმნა წარმოუდგენელია, ხოლო რიგ საკითხებში თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ.
- პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღი გამოცხადება არის თუ არა კანონდარღვევა?
- კმაყოფილი ვარ, რომ თარიღი ადრე გამოცხადდა და ყველა პარტიას საშუალება ექნება, ზუსტად განსაზღვროს თავისი მუშაობის გრაფიკი. საარჩევნო თარიღის ერთი და ორი თვით ადრე გამოცხადება რომ ხდებოდა, პარტიები ვერ ასწრებდნენ შესაბამის ორგანიზებას. არ მესმის ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს აკრიტიკებენ, პირიქით, მოსაწონია ეს გადაწყვეტილება, ყველას აქვს საკმარისი დრო მოსამზადებლად.