საქართველოს პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა გარკვეული მიზეზების გამო გაჭიანურდა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისჯება. ამის შესახებ კოპალიანი „რეპორტიორს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, პარლამენტმა „9-წლიან რეჟიმს" პოლიტიკური შეფასებაც მისცეს.
„დამნაშავეები საკადრისად დასჯილნი არ არიან. თუმცა, ყოფილი მინისტრები და სერიოზული თანამდებობის პირები სხედან დღეს ამ საქმის გამო ციხეში.
ძალიან ბევრი ხალხი ჰყავდათ „ნაციონალებს" შეშინებული. ჩემი ყველა ახლობელი და ნათესავი სამსახურებიდან გაყარეს. ჩვენ კი ასე არ მოვქცეულვართ. ჩვენ კონკურსები ჩავატარეთ და ვინც გადალახა ბარიერი, ისინი დავტოვეთ სამსახურებში, მიუხედავად იმისა, „ნაციონალების" მხარდამჭერები არიან თუ არა. ჩვენ არ გავყარეთ ისინი სამსახურებიდან, როგორც მათ გააკეთეს 2004 წელს. ამას კი ის ადამიანები ვერ ხვდებიან, რომლებიც დღემდე კაბინეტებში სხედან, გული წითელი აქვთ და გარედან კი ლურჯი მაისური აცვიათ. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში საბოტაჟის ნიშნებია. მაგრამ, კადრების ჩანაცვლება ერთდროულად ვერ მოხდება. ყველაფერი ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს.
მოვა დრო და ვინც დამნაშავეა, ყველა აგებს პასუხს. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. შეიძლება, ჩვენი პარლამენტის და საზოგადოების მხრიდან რეჟიმის პოლიტიკური შეფასებაც გაკეთდეს. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. თუ ვინმე სადმე ხელს აფარებს ვინმეს, ისიც დაისჯება. თუ სახელმწიფოს აშენება გვინდა, სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს. ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ჩვენმა და მომდევნო ხელისუფლებებმაც მსგავსი დანაშაულები აღარ გაიმეორონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა კოპალიანმა.