პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს. როგორ აფასებს იგი კოალიციურ მთავრობას და არის თუ არა ხელისუფლებაში ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გამართვის მზაობა, ამ თემაზე გიორგი ვოლსკი „ახალ თაობასთან" საუბრობს.
„ოპოზიციის განზრახვა საკმაოდ ნათელია. ოპოზიციას სურს, ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, როგორსაც ის თვლის საჭიროდ და რაც საშუალებას მისცემს, წლების განმავლობაში ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ერთკაციანი პარტიები მუდამ არსებობდნენ. ოპოზიციასთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა მომავალ კვირას იყოს, მაგრამ, როგორი ფორმატით გაიმართება, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული... ოპოზიციას მიაჩნია, რომ პროპორციული არჩევნებით მიიღებს იმ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის კოალიციურ მართვაში ჩაერთოს.
კონკრეტულად ამ პერიოდში, მე ვფიქრობ, იმდენად არარეალურია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ეს თვითონაც კარგად იციან. 2020 წელს ვინც გაიმარჯვებს პარტიული ხაზით, მან მაჟორიტარების საშუალებით მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. დაპირება ერთია, მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ შეიძლება 2020 წელს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, ვინაიდან არ გაქვს საშუალება, კოალიციურად მართო ქვეყანა, რა გავაკეთოთ, რადგნ დაპირება იყომ ქვეყანა დავანგრიოთ?! 2024 წელს იმედი გვაქვს, რომ კოალიციური მმართველობის წინაპირობები შეიქმნება და საზოგადოების გაერთიანება დაიწყება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მომავალი არ ექნება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.