logo_geo
eng_logo
შერიგების მყიფე პროცესის ჩაშლის „ეროვნული“ მცდელობები: უპერსპექტივო სიბეცე, თუ კრემლის პირდაპირი დავალება?
- +

22 ივლისი. 2017. 15:39



ბოლო დღეების შფოთიანმა მოვლენებმა, რომელიც ჯერ-ჯერობით, საბედნიეროდ, facebook-ომის ფარგლებს არ გასცდენია, თუმცა აშკარად შეიცავს მსგავს ძალზე საშიშ პერსპექტივას, უკვე გამოიღო არაერთი უარყოფითი შედეგი: მორიგი პოლარიზება საზოგადოებაში, რომელიც, როგორც არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ქვეყანას ჩრდილოელი მეზობლის ზრახვების განხორციელების კუთხით კიდევ უფრო მოწყვლადად აქცევს; აგრესიულობის საშიშ ზღვრამდე მომატება, რაც (ისედაც ფიცხი, სამხრეთული მენტალობის პირობებში) გულით და არა გონებით სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმისა და საბედისწერო შეცდომების დაშვების რისკს ზრდის; სადღეისოდ ჩვენში არსებული ყველა მანკიერების ქაფივით ზედაპირზე ამოტივტივება, რაც საერთო სტატისტიკურ ნორმალურ ქართველ ადამიანს მიზეზთა გამო ისედაც არცთუ მაღალ თვითშეფასებას კიდევ უფრო უქვეითებს და საბოლოოდ უსამარებს მომავლის იმედს, მთლიანად ერისა და ქვეყნის რეპუტაციას კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს; არარსებული პრობლემების ირგვლივ ხალხის მობილიზებით რეალური პრობლემების (რუსული საფრთხის, განგრძობადი ოკუპაციის, სოციალურ-ეკონომიკური სირთულეებისა და ა.შ.) უკანა პლანზე გადაწევა და, როგორც შედეგი, მათი გადაჭრის თუნდაც თეორიული შანსის კიდევ მეტად გადავადება; ჯამში - შიშის, დაბნეულობის, ნიჰილიზმის, აზროვნების, მოქმედების, ბრძოლისუუნარობის დასადგურება და ამ ფონზე მზადყოფნა ერთადერთისთვის - დავჭამოთ ერთმანეთი...


ძნელი წარმოსადგენია, რა სასიკეთო და ნათელი მიზნით შეიძლება, წახვიდე ერისა და ქვეყნისათვის ასეთ სარისკო ნაბიჯებზე, თუ, რა თქმა უნდა, უპერსპექტივოდ ბეცი არ ხარ და ბნელი ნათელში არ გერევა; ან თუ "სინათლისთვის ბრძოლა", რომელსაც, როგორც საზოგადოებას არწმუნებ, აქტიურად აწარმოებ, რეალურად საქართველოში ბინდის საბოლოოდ ჩამოწოლისთვის გამიზნული მოქმედება არაა. მესამე ვარიანტი აქ უბრალოდ არ არსებობს.


ალბათ, ისევ იმ სამხრეთული სიცხარის გამო ქართველებს, სამწუხაროდ, გვჩვევია ემოციებისთვის ფართო გზის მისაცემად აზროვნების „დაპაუზება", შედეგად ბნელის ნათელში აღრევა, მერე დაშვებული შეცდომების ვერგააზრება და ამის არსურვილიც... ვირჩევთ ვინმეს ან რომელიმე გზას - მაგრამ არანაირი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ეს და არა სხვა; მერე შუა გზაში „გვეხსნება გონება" და „ვაცნობიერებთ", რომ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; სასწრაფოდ ვცვლით არჩევანს და ვაკეთებთ ახალს - ოღონდ ისევ იმავე პრინციპით: არანაირი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ეს და არა სხვა...


გასაკვირია, რომ ამ დრომდე არ მოგვბეზრდა საცდელი ვირთხასავით ამ წრეში ტრიალი - წლიდან წლამდე კი არა, ათწლეულიდან ათწლეულამდე, საუკუნიდან საუკუნემდე! თითქოს რაღაც „ეროვნული" წყევლა გვადევს, თან ისეთი, რომ სურვილიც კი აღარ შეგვრჩა, მას თავი დავაღწიოთ... იცვლება მხოლოდ სამი რამ: მხარე, საითაც დაგვატრიალებენ; საბაბი, რომელსაც გვისახელებენ და ხელი, რომელიც გვმართავს. ვირთხა ყოველ ჯერზე ისმენს ახალ საბაბს; იმდენად დაღლილია წრეზე სირბილით, რომ არც კი აქვს სურვილი, მოსმენილი გაიაზროს; ახალი ხელის პატრონის მიმართ ნდობით ევსება თვალები, ინსტინქტურად ტრიალდება მითითებული მიმართულებით და იწყებს რბოლას მორიგ წრეზე მორიგი „ნათელი მიზნისაკენ", რომელსაც, ცხადია, ვერასოდეს მიაღწევს...


მაგრამ თუკი ქართველები ჯერ კიდევ ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ადამიანთან, მაშინ ალბათ, ცხოველზე მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს: რაღაც ეტაპზე, მივხვდეთ, რომ წრეზე სირბილით მიზანს ვერასოდეს მივაღწევთ - გინდ ერთი მიმართულებით ვირბინოთ, გინდ მეორეთი; ჩამოვიდეთ წრიული ბარაბნიდან, ღრმად ჩავისუნთქოთ, მერე ღრმადვე ამოვისუნთქოთ და დავიწყოთ კარგად მივიწყებული, რაც მთავარია, საკუთარი ნებით უარყოფილი პროცესი - აზროვნება!


სამწუხაროდ, ამ მხრივ საქმე უკვე იმდენად რთულადაა, რომ ეს მარტივი არ იქნება. აქ რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო, რომელთაგან თითოეული თავისთავად დიდ სირთულეს წარმოადგენს: თავად ხალხის სურვილი, ძლიერთა ამა ქვეყნისათა პოლიტიკური ნება, დედა ეკლესიის სისტემატიური მოწოდებები... პირველის მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრეთ. იმის დეტალურ ანალიზს, თუ რატომ წარმოადგენს სირთულეს მეორე და მესამე, თავს ავარიდებ. მაგრამ ვერც ხალხი, ვერც ხელისუფლება, ვერც ეკლესია (უნდათ თუ არა) გაბედავენ ღიად იმ მარტივი ჭეშმარიტების უარყოფას, რომ წიგნიერების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, რა პრობლემის გადაჭრასაც არ უნდა ჩავეჭიდოთ.


ვფიქრობ, სწორედ ამით უნდა დავიწყოთ - მარტივით: წიგნი ავიღოთ ხელში! მაშინ (თუ ამჯერადაც სასწაულებრივად გადავრჩებით ქართველები) დღეს და ხვალ - ვერა, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში შეიძლება, ჩვენში აზროვნების მსგავსმა პროვესმა გაიღვიძოს; კიდევ ერთ-ორ წელიწადში უფრო ადვილად მივუხვდეთ მავანთ და მავანთ, ასევე უამრავ, სოკოსავით გამრავლებულ „მედიასაშუალებას" იმ იაფფასიან ტყუილს, რომლის მეშვეობითაც დღეს უმარტივესად გვმართავს უხილავი ხელი; კიდევ ერთ-ორ წელიწადში ამ მართულობით გამოწვეული პროტესტიც გაგვიჩნდეს და მას კრიტიკული აზროვნების ოდესღაც ბუნებრივი სურვილი დავუპირისპიროთ; კიდევ ერთ-ორ წელიწადში კი თავად კრიტიკული აზროვნების ჩანასახიც გაგვიჩნდეს...


დღეს კი, მაპატიეთ, თანამემამულენო, მაგრამ ჩვენი შემხედვარე, უნებლიედ მიტივტივდება მეხსიერებაში გენიალური და, სამწუხაროდ (თუ დღეის გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ), ჩვენთვის მარადიული კითხვა, „კაცია ადამიანი?!"... და არ მესმის, რომელი „ქართველობისა" და „ეროვნულობის" „დასაცავად" გვატრიალებს უხილავი ხელი წრეზე ხან აქეთ, ხანაც - იქით...


ეს უხილავი ხელი არასდროს ერიდებოდა ჩვენს სამართავად თუნდაც ყველაზე იაფფასიანი, ამორალური, ცინიკური, ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებას.


აგერ, დღესაც მომსწრენი ვხდებით „ეროვნული საქმის" კეთების საფარქვეშ პირდაპირი შეტევისა რეალურ ეროვნულ ინტერესზე - კონფლიქტების მოგვარებასა და ამის მთავარ გზად არჩეულ შერიგებაზე:



მას შემდეგ, რაც 14 ივლისის „ქართული მარშის" ორგანიზატორებმა მათი ქმედებების ერთ-ერთი კრიტიკოსი - გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი თათია დოლიძე ჯერ უხამსი, ქართველისა და მით უფრო ქართველი მამაკაცისთვის სრულიად შეუფერებელი მუქარების საგნად აქციეს, თუმცა ამ გზით საწადელს ვერ მიაღწიეს და მხოლოდ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურეს, მათ სხვა ხერხს მიმართეს: სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტო, რომელზეც თათია დოლიძე ოს საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატთან ერთად არის გამოსახული და შეეცადნენ, ეს ფოტო მორიგი, ძალზე საშიში პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ:


„ყურადღება! SOS! SOS! SOS! „ქართველთა მარშის" ორგანიზატორებს ხელთ ჩაგვივარდა ინფორმაცია თათია დოლიძეს შესახებ, რომელზედაც დაყრდნობით ზემოთ ხსენებული ქალბატონი მჭიდრო ურთიერთობაშია ოს სეპარატისტებთან, რომლებსაც 2008 წლის კონფლიქტის დროს წვლილი მიუძღვით ქართველ ჯარისკაცების ამოხოცვაში!!! მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიკითხოს უშიშროებამ ქალბატონი თათია დოლიძე, ჩვენი ინფორმაციით იგი გახლავთ რუსეთისა და ეწ სამხრეთ ოსეთის სპეც სამსახურების თანამშრომელი (აგენტი)!!! - მეგობრებო სირცხვილია ასე რომ ვაჯეჯილებთ ოკუპანტი ქვეყნის გრუს აშკარა აგენტებს!" (სტილი დაცულია);


„პროევროპელი და პროამერიკელი ქ-ნი თათია დოლიძის მამა (ლევან ჩარუევი (დოლიძე), როგორც ირკვევა, არის მოსკოვის მვდ-ს ცენტრალური სამმართვლოს გარაჟის ბაზაზე გახსნილი კერძო პროფილაქტიკის მეპატრონე! თათია დოლიძე დაბადებულია და გაზრდილია მოსკოვში! დანარჩენი დასკვნები, ძმებო, თქენთვის მომინდია! ვეკითხები ხელისუფლებას, ეს აგენტი გოგო როგორ განაწესეთ გაეროში???" (სტილი დაცულია) - წერს აგერ უკვე მეორე დღეა, სოციალურ ქსელში „ქართული მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე და იქვე ვიდეოს აქვეყნებს:



ამ ვიდეოში, როგორც „ქართული მარშის" ორგანიზატორები ირწმუნებიან, „თათია დოლიძის მამა ლევან ჩარუევი საუბრობს" და „სეპარატისტულ განცხადებებს აკეთებს". რეალურად კი, ვიდეოზე სწორედ თემურ ცხურბატია ასახული, რომელიც ყვება, როგორ დახვდათ პირველ რიგებში მებრძოლ ოსებს სკოლის შესასვლელთან დაჭრილი ქართველი მეომარი, რომელიც ვეღარც ისროდა, ვერც გარბოდა და ოსებს „მკვდარს და ცოცხალს აგინებდა", როგორი შთაბეჭდილება მოახდინა პირადად მასზე და პირველ რიგებში მებრძოლ ოს მეომრებზე ამ ქართველის ვაჟკაცობამ და როგორ ვერ ესროლეს მას; უკვე მოგვიანებით, ბრძოლიდან დაბრუნებისას კი ეს ბიჭი მოკლული დავხდათ იმ „ლაჩარი" ოსების მიერ, რომლებიც საბრძოლველად საკუთარი ნებით არ წასულან და შემდეგ სხვა ოსებს უყვებოდნენ „ქართველის მკვლელობის გმირობას".


ყველასთვის, ვინც მეტ-ნაკლებად ინტერესდება კონფლიქტების მოგვარების საკითხებით და მით უფრო ამ პროცესში, პირდაპირ თუ ირიბად, თავადაც მონაწილეობს, თემურ ცხურბატის სახელიც და მოსაზრებებიც კარგადაა ცნობილი. მასთან არაერთხელ ჰქონია შეხება „აქცენტსაც" და თემით დაინტერესებულ სხვა ქართულ მედიასაშუალებებსაც. მკითხველს შეუძლია, მასთან ინტერვიუებიც ადვილად მოიძიოს და თავადაც შეიქმნას წარმოდგენა ამ ადამიანზე. ამ მასალებიდან ერთ-ერთს აქაც შემოგთავაზებთ: „ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია, ჩვენი მიერთებაა"


(http://accent.com.ge/ge/news/details/32321).

 

„წლებია, თემურ ცხურბატი ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ქართულ-ოსური შეხვედრებისა სხვადასხვა ფორმატებში. ეს იმ ტიპის შეხვედრებია, რომლებიც ემსახურება დაპირისპირებული მხარეების ურთიერთკონტაქტს, დიალოგსა და კომპრომისამდე მისვლას. შესაბამისად, მსგავს შეხვედრებში მონაწილე ადამიანი - თათია და თემური იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ემსახურება ამ საქმეს და, სულ მცირე, „ანა-ბანაა", რომ დიალოგზე მოდის. რაც შეეხება იმას, რომ თემურ ცხურბატი საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, როდესაც მსგავს შეხვედრებზე კონფლიქტის რომელიმე მხარეს წარმოადგენ, ბუნებრივია, ვიღაცას ომში მონაწილეობა აქვს მიღებული, ვიღაცას - არა. მთავარი კონტაქტის, დიალოგის, პრობლემის გადაჭრის სურვილია. ესაა ჩვენი მიზანი! ამდენად, ეს აგორებული კამპანია ბინძური, სასაცილო და თითიდან გამოწოვილი პროპაგანდაა და თუ ქართული სახოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც სერიოზულად მოეკიდება ამას, ეს სრულიად გაუგონარი მოვლენა იქნება! პირადად მე მგონია, რომ ეს მარტივი, იაფფასიანი შავი პიარი იმდენად დაბალი დონისაა, იმდენად ამორალური და მეტიც, შეურაცხმყოფელი საზოგადოებისათვის, რომ ვერც შერიგების პროცესზე შეიძლება, იქონიოს დამაზიანებელი გავლენა და ვერც ზოგადად აისახოს საზოგადოების განწყობებზე. ვინც ჭკუათმყოფელია - ე.წ. საზღვრის როგორც აქეთ, ისე იქით მხარეს, მსგავს ბინძურ კამპანიას სერიოზულად ვერ მოეკიდება. ამ კამპანიის ავტორებმა ერთხელ უკვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრირება, დისკრედიტაცია და ახლაც მსგავსი მოქმედებით უპირველესად საკუთარ თავს ავნებენ", - განუცხადა „აქცენტს" კავკასიოლოგმა, კავკასიური სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა. 


სამოქალაქო ფორუმის დირექტორ თემურ არბოლიშვილს ასევე არაერთი ფოტო აქვს გადაღებული თემურ ცხურბატთან და არც მალავს ამას:


„ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია, მუშაობს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაახლოებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. ამ ფორმატში არაერთხელ გვქონია შეხვედრები ოსური საზოგადოების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთ მსგავს შეხვედრაზეა გადაღებული თათიას და თემურის ის ფოტოც, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ეს შეხვედრა იყო ჩვენი ერთ-ერთი პროექტთაგანი და გასულ წელს სერბეთში გაიმართა. ამ პროექტში ქართველი და ოსი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. თავად თემური ამ შემთხვევაში პროექტის მონაწილე არ იყო, მაგრამ ოსურ მხარეს ჩვენი პარტნიორია, როგორც სანდო ადამიანი და ოსი ახალგაზრდების შეხვედრაზე ჩამოყვანას ლოჯისტიკურ ორგანიზებას უწევდა", - განმარტა არბოლიშვილმა.


იგი მოუწოდებს ყველას, სათანადოდ გავაცნობიეროთ, რამხელა რისკზე მიდიან ცხინვალის მხარეს ამ მიმართულებით მოღვაწე ადამიანები:


„ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ზეწოლის ქვეშ არიან ისინი იქ: არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ უკვე ბილეთებიც აუღიათ, მაგრამ უშიშროებიდან სახლებში მიუკითხავთ და ვეღარ წამოსულან. ამდენად, მათი მონაწილეობა ამ შეხვედრებში, გაზვიადების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ გმირობის ტოლფასია. თავად ცხურბატი ყოფილი მებრძოლია, თუმცა დღეს გახლავთ უფლებადამცველი და ძალიან აქტიურად მუშაობს ცხინვალში ქართველებთან ნდობის აღდგენის მიმართულებით. ამის გამო მას არაერთხელ შეჰქმნია პრობლემა, ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. თემური ცხინვალში შემთხვევითი პიროვნება არ არის: იმის გამო, რომ გახლდათ მებრძოლი, იქაურ საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს და მის პოზიციას, აზრს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა ადამიანისას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მსგავსი ადამიანები ნდობის აღდგენის პროცესში არიან ჩართულნი, ძალიან მნიშვნელოვანია".


როგორც არბოლიშვილი აღნიშნავს, წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი ომი იყო, მათ შორის - 2008 წლის და „ომის დროს ყველანი ვომობდით, ახლა კი დადგა დრო, დავიწყოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, დიალოგი, რადგან ამ გზას ალტერნატივა არ აქვს":


„თავიდან საქართველოს წინააღმდეგ ნაომარ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე და დღეს ისინი ამბობენ: „ომი აღარ გვინდა, ახლა იწყება ბრძოლა მშვიდობისა და ნდობის აღდგენისთვისო". დღეს, თქვენ წარმოიდგინეთ, მათთან უფრო ადვილია საუბარი, ვიდრე ოსების ახალგაზრდა თაობასთან. ამდენად, წარსულს მნიშვნელობა აღარ აქვს, უნდა დავჯდეთ, ვისაუბროთ, ვისაუბროთ და ვისაუბროთ, სანამ არ გავუგებთ ერთმანეთს, სანამ ნდობა არ განმტკიცდება და პრობლემების ერთობლივად გადაჭრამდე არ მივალთ".




მასალა მომზადებულია პროექტის „ინტეგრირება ინფორმირებით" ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner