კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, 2016 წელს „Check in Georgia"-ს, სამ მსხვილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ეხმაურება.
გიორგაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა „უცნობ დეტალებზეა" საუბარი კვლევაში, რადგან სამინისტრომ მათ ყველა მოთხოვნას საჯარო ინფორმაციაზე ამომწურავი და დროული პასუხი გასცა.
მისი თქმით, გაუგებარია რა მეთოლგიით აქვს საიას დათვლილი კონცერტებზე გაყიდული ბილეთების რაოდენობა.
„სამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელზეც არის საუბარი საიას კვლევაში ჯამში 75 ათასამდე ბილეთი არის გაყიდული. ხოლო საიას კვლევაში მხოლოდ 56 ათასი ბილეთი მოხვდა. საიდანაც 3 ათასამდე აღნიშნულია, რომ ბილეთი გაყიდულია საზღვარგარეთ. გაუგებარია აბსოლუტურად მეთოდოლოგია, რომლითაც ეს არის დათვლილი, იმიტომ რომ გუგლ ანალიტიქსი გვაწვდის ჩვენ ტრანზაქციების რაოდენობას და არა კონკრეტული ბილეთების რაოდენობას. თითო ტრანზაქციაში რამოდენიმე ბილეთიც შეიძლება ყოფილიყო. და როგორც წესი ესე არის. გაუგებარია რატო არ არის მხედველობაში მიღებული 20 ათასამდე ბილეთი, რატომ გამოირიცხება ის რომ ადგილზე ჩამოსულმა, საქართველოში მყოფმა უცხოელმა შეიძინა ბილეთი უკვე აქ საქართველოში ყონის დროს, თუ გნებავთ ინტერნეტით, გნებავთ სალაროში.
რატომ არ არის მხედველობაში მიღებული იმ ბილეთების რაოდენობა, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა შეიძინეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა პროექტის დისკრედიტაციის, ან აბსოლუტურად კატასტროფული არაკომპეტენტურობა. გასაგებია რომ ნებისმიერი ახალი კვლევა, ან ახალი ანგარიში ახალი დონორის მოზიდვას ემსახურება და ყურადღების მიქცევას, თუმცა გაუგებარია რა უცნობ დეტალებზე არის საუბარი, იმიტომ რომ ათეულობით მოთხოვნაზე საჯარო ინფორმაციაზე, არაერთხელ და ძალიან დეტალურად და ძალიან ოპერატიულად არის ამ საკითხებთან დაკავშირებით გაცემული. ის ფაქტი რომ სამჯერ ზედიზედ მოუწიათ მათ საკუთარი სარჩელის გამოთხოვა სასამართლოდან სრულიად ანიავებს მათ პროფესიულ ავტორიტეტს.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, გულწრფელად, ის რომ ორგანიზაცია რომელსაც ერთ დროს მივიჩნევდი მართლაც ავტორიტეტულად და კომპეტენტურად დღეს საბოლოოდ სახე დაკარგა", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ცნობისთვის, საიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს, „Check in Georgia"-ს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5, ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული რაოდენობიდან - 2958 ბილეთის შესყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან მოხდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23% შეადგენს მხოლოდ.