„Harvard-ში რომ ჩააბარო, საჭიროა, ან რაღაც კონკრეტულ სფეროში იყო მსოფლიო დონის ექსპერტი, ან ბევრ სფეროში იყო ნიჭიერი", - არჩილ ჭეიშვილი პირველი ქართველი ბიჭია, ბევრისთვის საოცნებო Harvard-ის ბაკალავრის ხარისხით, რომელმაც 4 წლის წინ, ერთ წინადადებაში, სხვა აპლიკანტებივით, ნათლად წარმოაჩინა, რატომ უნდა მიეღო განათლება აშშ-ის უძველეს უნივერსიტეტში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში, რომლის კურსდამთავრებულიც იყო ამერიკის არაერთი პრეზიდენტი, მათ შორის: თეოდორ რუზველტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ჯორჯ უოლკერ ბუში, ბარაკ ობამა და ა.შ. ასევე, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი. მარკეტერი წარმოგიდგენთ 24 წლის არჩილ ჭეიშვილს, რომელსაც ამიერკავკასიაში, ამერიკის ეროვნულ გამოცდებში ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა, იყო სკოლის პრეზიდენტი, 14 წლიდან ვაჭრობდა საფონდო ბირჟაზე, ამჟამად კი, საკუთარ კომპანიას ხელმძღვანელობს.
Harvard - ბავშვობის ერთი დიდი ოცნება
დაწყებით კლასებში ზოგს უნდა, კოსმონავტი გახდეს, ზოგს მეხანძრე, ზოგს ექიმი, ზოგსაც - პოლიციელი. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა: ბიზნესი, ბიზნესი, ბიზნესი! პატარა ასაკიდან ვოცნებობდი, რომ შემექმნა მასშტაბური ბიზნესი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა ხალხის ცხოვრებას. ბავშვობიდან ვხედავდი, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო, თუმცა ვიცოდი, ამ ყველაფრის შესაცვლელად დამჭირდებოდა კარგი განათლება. „ჰარვარდი" მხოლოდ კინოებში მქონდა გაგონილი და ერთადერთი, რაც მასზე გამაჩნდა, იყო დიდი ოცნება.
პოკემონებით თამაში - პირველი ბიზნეს იდეა
ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო პოკემონებით თამაში, რომლის შეძენაც, სამეზობლოს მაღაზიაში შეგვეძლო. ერთ დღესაც, მაღაზია დაიწვა და დაიკეტა. ჩემი მეგობრის ცნობით, მოშორებით, სხვა უბნის მაღაზიაში იყიდებოდა ჩვენი გასართობი. მახსოვს, მაღაზიაში რამდენი პოკემონიც იყო, სულ ვიყიდე და შემდეგ ერთ კვირაში გავყიდე ორმაგ ფასად, ჩემს სამეზობლოში. ამ დროს 8 წლის ვიყავი და ამ ასაკში ვისწავლე ეკონომიკისა და ფინანსების ორი ძირითადი პრინციპი: მოთხოვნა-მიწოდება და არბიტრაჟი.ცნობისმოყვარეობა და რევოლუციური წიგნის აღმოჩენა
პატარა ასაკში, ჩემი მშობლები საკითხავად მაძლევდნენ ზღაპრულ, სათაგადასავლო წიგნებს. ეს წიგნები არ მომწონდა, ამიტომ სახლის ბიბლიოთეკაში ძრომიალისას, აღმოვაჩინე წიგნი - „სიბრძნის საუნჯე" - აფორიზმების ნაკრები, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ აფორიზმებს ვკითხულობდი ყოველდღე, 5 წლის განმავლობაში და ვიყენებდი ცხოვრებაში. „სიბრძნის საუნჯე" გახდა ჩემი მრჩეველი, რომლისგანაც დარიგებას ვიღებდი ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე. ადამიანთა უმეტესობა გირჩევთ, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედოთ, ეს მოსაზრება მცდარია. ხშირად ადამიანმა არ იცის, თუ რა არ იცის. შესაბამისად, ზოგჯერ მას არ შეუძლია, სწორად განსაჯოს, რას დაუჯეროს და რას - არა.
Harvard-ში მისასვლელი გზა
იმისათვის რომ „ჰარვარდში" ჩააბარო, საჭიროა, რომ ან რაღაც კონკრეტულ სფეროში იყო მსოფლიო დონის ექსპერტი ან ბევრ სფეროში იყო ნიჭიერი. ჩაბარების დროს მთავარია, ნათლად, ერთ წინადადებაში წარმოაჩინო, თუ რატომ უნდა მიგიღოს ჰარვარდმა. მაგალითად, მე უნდა მიმიღოს „ჰარვარდმა" იმიტომ, რომ ვარ მსოფლიო დონის მათემატიკოსი. ამის შემდგომ, აპლიკაციის ყველა ნაწილი (პერსონალური ესეი, ინტერვიუ, რეზიუმე, რეკომენდაციის წერილები) უნდა ამყარებდნენ ამ მთავარ მიზეზს.
Bridgewater Associates-ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი - საფონდო ბირჟის უსაზღვრო შესაძლებლობები
14 წლისამ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დავიწყე. ეს იყო 2007 წელს, როდესაც მსოფლიოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყო. ამ წელს ჩემმა ფინანსურმა პორტფელმა ძალიან დიდი მოგება ნახა, თუმცა 2008 წელს, მოგებები ფინანსურმა კრიზისმა დაჩრდილა.
ვისწავლე, რომ არასდროს უნდა იყო ზედმეტად თვითდაჯერებული, უნდა აკონტროლო ემოციები და აუცილებელია, იცოდე, რა არ იცი. ინვესტირებამ ძალიან დამაინტერესა იმიტომ, რომ ბაზარი იცვლება სწრაფად და შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვს, ამიტომ, „ჰარვარდში", მესამე კურსის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე მსოფლიოს ყველაზე დიდ და, ბევრი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდ "Bridgewater Associates-ში". კომპანიაში ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ვახორციელებდი. Bridgewater-ი ცნობილია არა მარტო ფინანსური წარმატებებით, არამედ მისი უნიკალური კომპანიის კულტურით, რომელიც მოიცავს რადიკალურ ტრანსფარენტულობასა და ყველაფრის გაკეთებას ჭეშმარიტების დასადგენად.
საკუთარი კომპანია - Palatine Analytics - Google-ისა და Facebook-ის ინჟინრებთან ერთად
ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანია „პალატაინის" განვითარებით არის განსაზღვრული. ბოსტონში, ჩემს უნივერსიტეტელებთან ერთად - რომლებიც Google-სა და Facebook-ში მუშაობდნენ - ვუძღვები, როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენი კომპანია მომავლის თაობის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს. ჩვენი პროგრამის მომხმარებლები არიან სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ერთმანეთს აფასებენ კვირის განმავლობაში სხვადასხვა უნარის მიხედვით. შემდგომ ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებაში. პლატფორმა ეხმარება არა მარტო თანამშრომლებს, რომ მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალს, ასევე, ეხმარება დამსაქმებლებს, რომ ინფორმაციის ფლობის შედეგად, მეტად ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ თანამშრომლების დაწინაურების შესახებ.
ბიზნესი, ბიზნესი, ბიზნესი! და სხვა ინტერესები?
ვთამაშობ გოლფს, ჩოგბურთს, კალათბურთს და პოლოს. მომწონს ისტორიული და კომედიური ჟანრის ფილმები.
Harvard - თაობის ჭკვიანი ადამიანების შეხვედრის ადგილი
„ჰარვარდში" თითოეული სტუდენტი, პირველ რიგში, სწავლობს საკუთარი თავის შესახებ: რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს და რა აინტერესებს. „ჰარვადი" არის ადგილი, სადაც ღრმა ურთიერთობებს ავითარებ შენი თაობის ყველაზე ჭკვიან ხალხთან - დაწყებული სამეფო ოჯახების წევრებიდან, მსოფლიო დონის ფიზიკოსებამდე დამთავრებული. „ჰარვარდი" გაძლევს ყველა იმ რესურსს, რაც გჭირდება შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის.