ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სავარაუდოდ 25 ივლისს დაიკითხება. სასამართლო პროცესი 25 ივლისს 11:00 საათზეა ჩანიშნული. ოხანაშვილის დაკითხვა "სკაიპის" საშუალებით იგეგმება, ვინაიდან მან საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და არსებული ინფორმაციით, ამჟამად გერმანიაში იმყოფება.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორები სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოკვლევას გეგმავდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით სოსო ოხანაშვილი არ აპირებდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას. როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები აღნიშნავდნენ, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ოხანაშვილის ოჯახის წევრთან, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საქართველოში ჩამოსვლას და სასამართლოში ჩვენების მიცემას არ აპირებდა.
პროკურორების მიერ გამოთქმული აღნიშნული ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გადაამოწმეს და მათი თქმით, ოხანაშვილი მზადაა სასამართლოს ჩვენება მისცეს. ადვოკატების ინფორმაციით, ოხანაშვილი სასამართლოს წინაშე „სკაიპით" დაიკითხება.