კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე გიორგი ქადაგიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მოვუსმინე ქადაგიძეს - კულტურის სამინისტროს გაუქმების აუცილებლობაზეც ისაუბრა. კულტული მემკვიდრეობის დაცვას და ქართული ლიტერატურის თარგმნასა და პოპულარიზაციას, მუზეუმებს, კინოს, თეატრებს, ფოლკლორულ ანსამბლებს, ორკესტრებს, სახელოვნებო განათლებას და ა. შ. ხომ გაკოტრება და განადგურება დაემუქრება!!! ვინ დააფინანსებს უამრავ საინტერესო ინიციატივას, ვინ შეუწყობს ხელს ნიჭიერი შემოქმედების გამოვლენას, მათ ასპარეზზე გამოსვლას, რამდენი ლიტერატურული ჟურნალი დაიხურება, რამდენი პრემია არ გაიცემა, რამდენი წიგნი არ გამოიცემა, გამოფენა არ ჩატარდება, კონცერტი და ფესტივალი ჩაიშლება, ამაზე თუ უფიქრია ქადაგიძეს? მით უმეტეს, მაშინ, როცა კერძო სექტორი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულიად არ ზრუნავს ქართულ კულტურაზე!!!
დღეს რომ კულტურის სამინისტრო გავაუქმოთ, გაუქმდება შესაძლებლობა, გვიცნობდეს მსოფლიო, როგორც უძველესი კულტურის ერს. კულტურამ მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე, თუ რამით ვამაყობთ და თავი მოგვაქვს - კულტურით. კულტურა ქვეყნის ფრონტის წინა ხაზია! სტრატეგიაც და ტაქტიკაც! გნებავთ, თავდაცვისუნარიანობაც! რაო, ბატონებო, სულიერების გეშინიათ?! სწორედ კულტურისთვის არ უნდა ენანებოდეს ქვეყანას თანხების გამოყოფა! სწორედ კულტურით უნდა ვიწყებდეთ საინფორმაციო გამოშვებებს და არა, ისე, როგორც დამკვიდრდა - სპორტისა და ამინდის შემდეგ წუთნახევრიან სიუჟეტებში რომ ვატევთ კულტურის მიღწევებს. კულტურის მოღვაწეებს რას უპირებს, ნეტავ, ქადაგიძე? რაში გვჭირდებიან, ჩავრეცხოთ, არა?!" - წერს ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში.