logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ინტერვიუ მარშალ იაზოვთან...
- +

24 ივლისი. 2017. 19:02



ინტერვიუ მარშალ იაზოვთან.


სსრკ უკანასკნელი თავდაცვის მინისტრი. თავის დროზე- დაახლოვებული გორბაჩოვთან, სარდლობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქს. შემდგომ, მონაწილეობა მიიღო ე.წ. „გე-კა-ჩე-პე"-პუტჩში, იჯდა ციხეში...


გარდა იმისა, რომ ეს ინტერვიუ ფაქტობრივი მასალით და პოზიციით არის ძალიან საინტერესო(!) ზოგადად, კონკრეტულად კი უახლესი ისტორიის მკვლევარებისთვის და ეპოქით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის, ახალთაობისთვისაც არ იქნება უსარგებლო მასალის გაცნობა,-ბოლოს და ბოლოს გეცოდინებათ, რომ არსებობს სხვა აზრიც, განსხვავებული იმისგა, რასაც ჩაგვჩიჩინებენ „მავანნი"...


პუბლიკაციისთვის მაქვს პირადი მოტივაციაც. ჰოდა, გავიხსენებ:


...სამხედრო პოლიგონზე წვრთნებმა დავით გარეჯის კომპლექსზე გამანადგურებელ პიკს მიაღწია 80-იანი წლების ბოლოს.


საგარეჯოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა მედიკო მეზვრიშვილმა მიაღწია იმას, რომ მის მიერ აღდგენილ „გარეჯობის" დღესასწაულზე, 1978 წლის ზაფხულში მოსკოვიდან სტუმრად „ჩამოიყვანა" მაშინდელი სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საინჟინრო ჯარების მარშალო არჩილ გელოვანი.


ქართველმა მარშალმა, რომელსაც სპეციალისტთა მრავალრიცხოვანი „სვიტა" ახლდა, საჯაროდ აღუთქვა მასპინძლებს, რომ ყველაფერს იზამდა იმისთვის, რომ პოლიგონი გაუქმებულიყო. ქართველმა პატრიოტმა და გამორჩეულმა ინტელიგენტმა (რაც არ უნდა ვინმეს მარშლის მისამართით გამოთქმული ეს ეპიტეთი გაუკვირდესეს) სიტყვა შეასრულა და „პროცესი" რეალურად დაიძრა. მაგრამ... სამწუხაროდ, ბატონ არჩილს არ დასცალდა. უკურნებელი სენი შეეყარა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა...


ამასობაში დროც შეიცვალა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას (გარეჯისა პრობლემით ისედაც შერწუხებულს) მოსვენებას არ აძლევდნენ არც მედეა მეზვრიშვილი და არც გააქტიურებული ეროვნული მოძრაობა, დედაუნივერსიტეტის „პრესკლუბი", მწერლობა... საქმე კი მიდიოდა თითქოს წინ, მაგრამ კუს ნაბიჯით და...


შევარდნაძე პატიაშვილმა შეცვალა და მისთვისაც უკვე პრესტიჟის საკითხად გადაიქცა ამ პრობლემის გადაწყვეტა. ერთი სიტყვით, მან მიაღწია იმას, რომ 1988 წლის მეორე ნახევარში მარშალი იაზოვი თავის გენერლებიანად გარეჯში აღმოჩნდა და ადგილზე იქნა განხილული რეალური მდგომარეობა.


ამ შეხვედრის პერიპეტიები იმდენად საინტერესოა, რომ მას ცალკე პუბლიკაცია უნდა მიეძღვნას. მთავარი ის არის, რომ ნაღდი ქართველი კაცის, არჩილ გელოვანის დაწყებული და იმ დროისთვის რეალურად დაკონსერვებული საქმე მარშალმა იაზოვმა გააცოცხლა.


ბუნებრივია, იმ დღეს, რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელებთან ერთად, მასთან ჩემი კონტაქტიც შედგა და რაღაც მომენტში მისგან „კომპლიმენტიც" დავიმსახურე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ეს "წამიერი" ურთიერთობა მისთვისაც დასამახსოვრებელი გახდებოდა.


სულ ცოტა ხანი გავიდა ამ შეხვედრიდან და ორიოდე თვის შემდეგ, 26(?) ნოემბერს, გაგანია კრიზისის დროს, რომელიც ცნობილია, როგორც „ედპ-ეს ნოემბრის მასობრივი შიმშილობა", უცებ მეუბნებიან, რომ თბილისს, მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ეწვია იმდროინდელი სსრკ „სამხრეთის მიმართულების: (ფრონტის) სარდალი, არმიის გენერალი პავლოვი, რომელიც დაუყონებლივ ითხოვს ჩემთან შეხვედრას...


რესპუბლიკის მაშინდელი მთავარი „ტრიუმვირატი" მოსკოვში იმყოფება, აქაურობა მე მაქვს „ჩაბარებული". პატიაშვილს ვერა და ვერ ვუკავშირდები და ვიდრე ამ „დაუპატიჟებელ" სტუმარ-რევიზორს შევხვდებოდი, გადავწყვიტე მინისტრთან, მარშალ იაზოვთან დაკავშირება.


...დაუყონებლივ შემაერთეს და როგორც კი ჩემი თავი წარვუდგინე უმალ პასუხი: შენ ის არ ხარ სტუდენტობის გამოსვლით რომ მაშინებდიო და გულიანად გაიცინა. საუბარმა თბილი ინტონაცია შეიძინა და როგორც კი დაწვრილებით ავუხსენი მდგომარეობის სირთულე და ის სავარაუდო რეაქცია, რაც გენერალ პავლოვის გამოჩენას მოჰყვებოდა, ჩემდა მოულოდნელად, მარშალმა „დავალება" მომცა: სულ კინწისკვრით გააგდე ეგ არამკითხე მოამბე შენი კაბინეტიდანო და გულიანად შეიკურთხა.


მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გენერალი პავლოვი მინისტრთან შეუთანხმებლად ჩამოფრინდა თბილისში. ამ მოვლენებზეც ცალკე მომიწევს მოგონებების გამოქვეყნება, ახლა მთავარი იაზოვის „გონიერება", მისი რეაქცია და შედეგია: პავლოვის მოკლე „ვიზიტი" მისთვის უსიამოდ და ოპერატულადვე დამთავრდა და ცეკას შენობიდან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისევ თავის თვითმფრინავს მიაშურა...


იაზოვთან მესამე შეხვედრა კი მოულოდნელი სიურპრიზით დამიგვირგვინდა. ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფედერაციას (სადაც ვიცე-პრეზიდენტად ვმუშაობდი) ტრანსპორტის პრობლემა გაჩნდა და ერთმა ბრძენმა კაცმა, რომელმაც ჩემგან ზემოთქმული „ისტორიები" იცოდა, მირჩია: ახლა ყველაზე მდიდარი და გულუხვი სისტემა თავდაცვის სამინისტროა და მიდი პირდაპირ, თხოვე შეხვედრა, ზედ თქვენი კონფედერაციის „გასჭირიც" მოუყევი და დახმარება „შეღაღადეო". დავიჯერე. მისივე თანაშემწის მეოხებით შევატყობინე ვიზიტის სურვილთან ერთად კოორდინატებიც და... მეორე დილით ზარი მთავრობის ტელეფონზე. მინისტრამ თავად დამირეკა და მითხრა, თუ გაქვს საშუალება, ახლავე მოდიო... რა გამაჩერებდა. ელვის სისწრაფით გაცქანდი. ადიუტანტი დამხვდა და ლამის ხელის გულზე დაბრძანებული ამაფრინეს მინისტრთან.


აღარ შევუდგები დეტალების გახსენებას. და როც კონფედერაციისთვის ხუთი ახალი „გაზ-31" -ის გამოყოფის განკარგულება გასცა და თავი ქუდში დავიგულე, მადლობა არ დავიშურე და ერთობ ნასიამოვნებმა გამომშვიდობება მოვინდომე.


-კი მაგრამ, შენთვის არაფერი გინდა, ახლადგადმოსახლებული ხარ მოსკოვშიო, მკითხა მინისტრმა. ვუპასუხე, არც მე ვიტყოდი უარს ახალ „ვოლგაზე" მაგრამ არც ისეთი თავხედი ვარ კონფედერაციისთვის გამოყოფილი 5 მანქანის შემდეგ ეგეც რომ გთხოვოთ-მეთქი... იქვე, რაღაც გამეხუმრა, თანაშემწეს ჩემი ზუსტი კოორდინატების ჩაწერა უბრძანა და... წამოვედი.


მეორე დილით, სწორედ ის თანაშემწე მეწვია, დოკუმენტების პაკეტი გადმომცა და... ჩემს პირად(!) საკუთრებაში აღმოჩნდა ახალი მანქანა, და როგორც უახლოეს წარსულში ერთერთი დიდი სამხედრო გაერთიანების სამხედრო საბჭოს ყოფილ წევრს, სერიოზული შეღავათით გადამახდევინეს მანქანის საფასური.


მიდი და დაივიწყე ახლა ეს სიკეთე.

ასე კაცები იქცევიან.

ყველა მარშალი არა, მაგრამ... ნამდვილები, ნაომარნი - კი!

რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ მისი.

მადლობა ამხანაგ სტალინსაც (!), რომელმაც მოგვცა საბაბი მარშალ იაზოვს და მე, გაგვეხსენებია... ჩემი მოკრძალებული წარსულის ეს „ფურცლები".


https://nstarikov.ru/blog/82989




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner