„პალიტრავიდეომ" დღეს გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს" მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.
„საია"-ს იურისტი გიორგი გოცირიძე ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.
„ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, გუშინ, მარჯანიშვილის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა.