logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: „ქართველთა მარში“ არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი დასავლური სიმპტომი
- +

25 ივლისი. 2017. 11:23



საქართველოში უკანასკნელ ხანებში გამძაფრებულმა ანტისაიმიგრაციო განწყობებმა, ამ თემაზე ჩატარებულმა რამდენიმე საპორტესტო აქციამ, რომელთაგანაც 14 ივლისს გამართულ „ქართველთა მარშზე" რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, ამ საკითხის მიმართ კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების კონსერვატიულ და ლიბერალურ ნაწილებს შორის მწვავე და დიდწილად აგრესიული პოლემიკა წარმოშვა.


ზუსტად ამგვარი იდეოლოგიური დაპირისპირება საიმიგრაციო საკითხებზე, რომელსაც კიდევ უფრო დაძაბული და მკაფიო ხასიათი აქვს, უკვე რამდენიმე წელია სახეზეა ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ საიმიგრაციო დაძაბულობის შედეგია დასავლეთში კონსერვატიულ-ნაციონალისტური მოძრაობების იმდენად მნიშვნელოვანი აღმავლობები, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ისინი უკვე წამყვანი პოლიტიკური პოზიციებისთვის იბრძვიან.


საზოგადოებისთვის ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ალტ-ინფომ ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან ჩაწერა.


- ბატონო ზაზა, უკანასკნელი კვირების განმავლობაში საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური თემაა „ქართველთა მარშის" თემა. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება საზოგადოებაში ანტისაიმიგრაციო განწყობების იმდენად გამძაფრება, რომ მის წინააღმდეგ მიმართული აქტიური მედია კამპანიის მიუხედავად, „ქართველთა მარშზე" მაინც ათასობით ადამიანი გამოვიდა?


- მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თუ დააკვირდებით, საიმიგრაციო ტალღებით დაიფარა დასავლეთი და იქაც აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი რეაქციებია. ამ ფონზე სრულიად ბუნებრივია ქართული საზოგადოების შიშები. ანუ თუ შეიძლება ეს პროცესი დასავლეთსაც კი გამოწვევებით დაემუქროს, მაშინ პატარა საქართველოსთვის, რომელიც დასავლეთის ნაწილია, ეს სრულიად ბუნებრივი დასავლური შიშებია.


აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე დასავლეთის წარმოშობა ზუსტად ასეთი საიმიგრაციო ტალღებით დაიწყო მეექვსე-მეცხრე საუკუნეებში, რასაც მაშინ ხალხთა დიდი გადასახლება ერქვა, ასე რომ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის მეორე დასავლური ტალღა.


- კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ტალღა უკვე დასავლური აღარ არის, ეს არის აზიურ-აფრიკული ტალღა...


- ხო არა, მე დასავლურ ტალღაში ვგულისხმობ დასავლეთის შიშებს აღმოსავლეთის წინაშე და გარკვეულ კომპექსზე, რომელიც დასავლელი ინტელექტუალების ნაწილს აქვს აღმოსავლეთის წინაშე. დასავლელი ინტელექტუალების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აი, ვთქვათ, საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა მესამე სამყაროს დამონება და ახლა რაც ხდება, ეს არის ბუნებრივი შედეგი. და რადგანაც ჩვენ დასავლეთის განუყოფელი ნაწილი ვართ, ჩვენც სრულიად დასავლური შიშები გვაქვს.

 

- და ხომ შეიძლება ითქვას, რომ დასავლური შიშები დღევანდელ იმიგრაციასთან დაკავშირებით არ არის რაღაც ირაციონალური კომპლესებიდან ამომავალი, არამედ ეს არის საკმაოდ რაციონალური შიში, რადგან ამ იმიგრაციის ქვეტექსტი დიდწილად არის იდეოლოგიური ისლამი, რომელიც, ამ საიმიგრაციო ტალღის გაგრძელების შემთხვევაში, იდეოლოგიური რეალობის ცალსახა ცვლას გულისხმობს?


- აღმოსავლეთი არ არის ერთგვაროვანი, არის ისლამი, არის ინდოეთიც, არის წარმართული აფრიკა. თუ მთლიანობაში განვიხილავთ, დასავლეთს აქვს გარკვეული კომპექსი, ერთგვარი ცივილიზაციური შიში, რომელსაც თავისი ისტორიული საფუძველი აქვს, რომის იმპერია სწორედ ასეთმა ტალღებმა დაანგრია და ეს მეხსიერება არსებობს.


რა თქმა უნდა, არის სრულიად რეალური შიშები და გამოწვევები, საიმიგრაციო ტალღა სრულიად რეალურია. ცხადია.


საერთოდ, ყველა ცივილიზაციაში არსებობს გარკვეული შიში უცხოს წინაშე. ყველა ცივილიზაცია იგება ასეთ განცდაზე, რომ არსებობს ჩემი, რომელიც არის კულტურა და სხვა, რომელიც არის ბარბაროსი. ყველა კულტურას ახასიათებს ესეთი მომენტი. აი გლობალური, ლიბერალური ცივილიზაცია გამოირჩევა იმით, რომ მისთვის თითქოს ასეთი ბარბაროსი და სხვა არ არსებობს. პრაქტიკულად ყველა უნდა იყოს სამომხმარებლო საზოგადოების წევრი, ანუ ყველა უნდა იყოს ის, ვინც უნდა იყიდოს ჩემი პროდუქცია. სწორედ ეს წარმოდგენა, რომ ყველა არის თანაბარი იმ გაგებით, რომ ყველა არის მომხმარებელი, გაირკვა, რომ არ აღმოჩნდა უნივერსალური. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ გლობალური პროექტი ჩავარდა და მთელი სამყარო არ გახდა ერთიანი კორპორაცია და ერთიანი კორპორაციის მომხმარებელი. ეს მიგრაციული ტალღები სწორედ ამ გლობალური პროექტის ჩავარდნის გარკვეული გამოხატულებაა. ეს ფაქტიურად ნიშნავს ძველი ცივილიზაციის დემონტაჟს და ახალი ცივილიზაციის წამრმოშობას.

 

- მაგრამ, რომ შევაფასოთ იგივე შიში რომის დაცემის გამო, და მეხსიერება იმის გამო, რომ რომი დაეცა თავის დროზე, პრიონციპში ეს არის სრულიად ლოგიკური შიში, რადგან რომის დაცემას მოჰყვა სრულიად ცალსახა ეკონომიკური და კულტურული დაცემა.


- აბსოლუტურად გეთანხმებით. ლიბერალურ, გლობალისტურ ცივილიზაციას უნდა იმის თქმა, რომ ეს არის არაცნობიერი ფობიები, რომლებიც წმინდა სუბიექტური და ფსიქოლოგიური ხასიათის არის. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. სამწუხაროდ ხდება ის, რომ ლიბერალური ცივილიზაცია ინგრევა და ეს ტალღები სწორედ ამის ნიშანია.

 

- ანუ, შეგვიძლია ვთქვათ,  რომ შეფასება, თითქოს ანტისაიმიგრაციო შიშები საქართველოში არის რუსული პროპაგანდის შედეგი, არასწორია და ამ შიშების საფუძველი სურლიად რაციონალურია და ემთხვევა დასავლეთის ნაწილში არსებულ განწყობებს?


- კი, როგორც მაგალითად ტრამპს უნდა კედლის აშენება, როგორც გერმანიაში პეგიდა არსებობს, ლე პენი საფრანგეთში, იტალიაში მარჩელო პერა, თუ წაიკითხავთ მის ბოლო ინტერვიუს, ეს ძალიან ცნობილი იტალიელი ინტელექტუალი წერს, რომ იტალია მიატოვეს და მარტო დარჩა იმიგრაციის ტალღის წინაშე.


იცით რაშია საქმე, ყველაფერს როცა რუსულს უძახი, რუსეთი უკვე კარგავს თავის რეალურ შინაარსს. ხდება რუსეთის რეალური შინაარსის გაცვეთა. ამ ვითარებაში, რუსული ოკუპაციაც კი, რომელიც სრულიად რეალური პრობლემაა, ასეთი ტიპის მითოლოგიური განცხადებებით ჰკარგავს თავის რეალურ შინაარსს. ანუ ფაქტიურად ხდება ამ ძალიან სერიოზული თემის რეალური გაუბრალოება. ამით ქართველი ევროლიბერალები ძალიან დათვურ სამსახურს უწევენ თავიანთ თავს და თავიანთ ქვეყანას.


- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გააქტიურებული ეს ანტისაიმიგრაციო მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც იყო „ქართველთა მარში", არის იმ კონსერვატიულ-ნაციონალისტური აღმავლობის გაგრძელება, რომელიც დასავლეთში გამოიკვეთა უკანასკნელ  წლებში?


- კი, რა თქმა უნდა,  ეს არის ზუსტად ის, რამაც დაბადა ტრამპი ამერიკაში, ლე პენი საფრანგეთში, პეგიდა გერმანიაში, უამრავი ამგვარი მოძრაობები ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, დასავლური სიმპტომი. დასავლეთს უნდა თავისი თავის დაცვა. მე ამას დავარქმევდი, გარკვეული აზრით, წარმართულ გამოვლინებას ადამიანური ბუნების. იმიტომ რომ, ადამიანი თავისი ბუნებით არის წარმართი, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ნებისმიერი ცხოველი, თავისი გვარის გაგრძელებაზე. ამას უპირისპირდება გნოსტიკური ტენდენცია, რომელიც თავისი არსით არის ანტიბიოლოგიური და რომელსაც თვითონ უნდა ადამიანის შექმნა. აი ეს ორი ტენდენცია დღეს უპირისპირდება ერთმანეთს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner