„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საუბარია „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მის იარაღით მისვლასთან დაკავშირებულ საქმეზე.
კახიძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
როგორც „კვირას" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის წევრი, ოთარ კახიძე 25 ივლისს, 15:00 საათზე, გამოკითხვის მიზნით, ძველი თბილისის სამმართველოშია გამოძახებული. გამოკითხვის შემდეგ შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო მიიღებს", - აცხადებენ შსს-ში.