logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გიხაროდენ, თბილისის „დინამომ“ თბილისის მერიას და საკრებულოს სასამართლოში უჩივლა!
- +

25 ივლისი. 2017. 15:57




სკანდალი თბილისის „დინამოს" გარშემო, ანუ რომან ფიფიას რუსული ხელწერა - აღნიშნული სახელწოდებით ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერილს ავრცელებს.

 

„(წერილი პირველი)

 

ამბავი, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ, ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. ერთ მხარეს დგას საქართველოს სახელოვანი საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო" მისი მეპატრონის, რომან ფიფიას სახით, მეორე მხარეს კი ორი ბიზნეს-კომპანია („ბაუსტარი მმ", „გოკი და კომპანია") კარგი ქართველების სახით. ყველაფერი გასაგები რომ იყოს, მოკლედ აგიხსნით საკითხის შინაარსს:

 

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში ზემოთ ხსენებულმა „გოკი და კომპანია"-მ სრულიად კანონიერ ფარგლებში ბიზნესსაქმიანობისთვის სახელმწიფოსგან 3 მილიონ დოლარად შეისყიდა ტერიტორია თბილისში (ევგენი მიქელაძის 9ა). მაშინ ამ ტერიტორიაზე, დიღომში არსებობდა ყველასთვის ცნობილი „პტიჩი ბაზარი", რომელსაც მოგვიანებით „ძაღლების ბაზრობაც" შეარქვეს. შეგახსენებთ, შეძენილი ტერიტორია მდებარეობს „დინამოს" საწვრთნელი ბაზის მეზობლად.

 

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში როგორ „წეწავდნენ" ბიზნესმენებს, როგორ „ახევდნენ" ქონებას. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში ყოფილა, ზემოდან გაიცა ბრძანება, როგორმე მოეხერხებინათ და ხელში ჩაეგდოთ ეს მსუყე ნაჭერი. იყო დროებითი დაკავება, დაშინება, ზეწოლა, მაგრამ „გოკი და კომპანიას" მესვეურები მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ საქმეში ფიგურირებდნენ უცხოელი ინვესტორები. ეს ცალკე თემაა და რასაკვირველია, მომავალში კიდევ დავუბრუნდები.

 

დღეს სიტუაცია ასეთია: შპს „ბაუსტარსა" და „გოკი და კომპანიას" დაწყებული აქვთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა - აშენებულია 8 სართული, უკვე გაყიდულია 1 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ბინები. დასაქმებული ჰყავთ 100-მდე ადამიანი. ტერიტორიის შეძენის დროს სახელმწიფომ მათ რა ვალდებულებებიც დააკისრა, შესრულდა ბრწყინვალედ. მაგალითად, ბაზრის აქციონერ-მეპაიეებს გადაუხადეს 1 მილიონ 200 ათასი დოლარი. დევნილებს უსასყიდლოდ გადასცეს 300 ათასი დოლარის ღირებულების ბინები. ტერიტორიის გასუფთავებისა და მშენებლობისთვის მომზადების ღირებულებამ შეადგინა 250 000 დოლარი. სულ მიწის ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონი დოლარი. მშენებლობაზე მომუშავე თითოეული დასაქმებულის მინიმალური ხელფასი გახლავთ 1500 ლარი ყოველთვიურად. რაც მთავარია, ამ ორ კომპანიას, სახელმწიფოს წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2019 წლამდე უნდა განახორციელოს 7 მილიონი ლარის ინვესტიცია. დღემდე ინვესტიციის სახით უკვე გახარჯულია 2 მილიონ 500 ათასი ლარი გერმანელ ინვესტორებთან ერთად.

 

როგორც ხედავთ, საკითხი არც მარტივია და არც ორშაურიანი, ამხელა ფინანსების უკან დგანან ჯერ უცხოელი ინვესტორები, შემდეგ ქართველი ბიზნესმენები, მშენებარე ბინაში ჩართული ადამიანები, რომლებსაც თანხები წინასწარ აქვთ გადახდილი. ასევე დგანან დასაქმებულები და მათი ოჯახები.

 

კეთილი დაპატიოსანი, ძალიანაც კარგიო, - იტყვით თქვენ და მართლებიც იქნებით, მაგრამ სწორედ აქ გაჩნდა დიდი პრობლემა თბილისის „დინამოს" დღევანდელი მეპატრონის, ბიზნესმენად ცნობილ რომან ფიფიას სახით, რომელმაც უკვე გამართა არაერთი პრესკონფერენცია, გაავრცელა არაერთი განცხადება და გააკეთა კომენტარი, რომ იქ, „დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან არ შეიძლება მრავალსართულიანი კორპუსის აშენება. მიზეზი? მისი თქმით, საცხოვრებელი ბინიდან ხალხი გადმოიხედავს, შეიძლება რაღაც-რაღაცები გადმოყარონ კიდეც და ფეხბურთელებს დისკომფორტი შეექმნებათ. ჯერ ერთი, კორპუსი არ შენდება ისე ახლოს, რომ ვინმემ რამე გადმოყაროს და მეორეც - მაგ ლოგიკით, მაშინ გზისპირებზეც არ უნდა აშენდეს ბინები. გარდა ამისა, „ხალხი გადმოიხედავს", ნამდვილად არ არის საბუთი, ვერ გავიგე, რა მოხდება, ფეხბურთელები „ტრუსიკ-მაიკიანები" რომ დარბიან, შერცხვებათ? რა ვიცი, დღემდე ვიცოდი, სტადიონზე ათასობით მაყურებელი რომ უყურებთ და უსტვენენ, არ უნდა შერცხვენოდათ!

 

რა სურს ბატონ რომან ფიფიას? მას რაც სურდა, რუსეთის მსგავსად უკვე გააკეთა - ერთ მშვენიერ დღესაც ადგა და შემოღობა ინვესტორების კუთვნილი 1652 კვადრატული მიწის ნაკვეთი, სადაც ჩადგა შენობა, გააშენა ხეხილი, მოაწყო კიტრისა და პომიდვრის ბოსტანი, საბოცვრე და ასე შემდეგ. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, უკეთესიცაა, მაგრამ როცა ტერიტორია სხვისია, როცა მიწის ნაკვეთი მიტაცებულია, სიტუაცია კურიოზული ხდება. როგორც ამბობენ, თავიდან ყოფილა მოლაპარაკება, რომ რომან ფიფია აუცილებლად გადაიხდიდა ამ ტერიტორიის საბაზრო ღირებულებას, მაგრამ მოგვიანებით „ატკაზი" დაარტყა: თუ გინდათ, კვადრატულში 100 ლარს მოგცემთ და კარგად იყავითო. ეს მაშინ, როცა ამ მისამართზე 1 კვადრატული ღირს 450 დოლარი. ავი ენები იმასაც ამბობენ (და არც მშენებლები უარყოფენ), რომ ბატონი რომან ფიფია მზად იყო, წილობრივად ჩართულიყო აღნიშნული კორპუსის მშენებლობაში, მოლაპარაკებებიც გაიმართა, მაგრამ მოგვიანებით ჩაიშალა, რადგან ამ პროექტის ფარგლებში მან სხვა, საკუთარი ინტერესების განხორციელება მოინდომა.

 

ახლა ამოცანა გვეკითხება: თუ ბატონი რომანი ჩართული იქნებოდა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაში, მაშინ ამ ადგილზე მშენებლობა იქნებოდა მისაღები და არც ფეხბურთელებს შეექმნებოდათ დისკომფორტი? პასუხი ცხადია - ამ ადგილზე მშენებლობა იქნებოდა მისაღები და არც ფეხბურთელებს შეექმნებოდათ დისკომფორტი!

 

ყოჩაღ, პასუხი სწორია, დაბრძანდით, ხუთიანს გიწერთ, ბატონო რომან, თქვენ ძალიან კარგად ერკვევით ბიზნესის ანასა და ბანაში. თუმცა სხვის ტერიტორიაზე რომ არ უნდა შეიჭრათ რუსი ოკუპანტივით, ამაში ნამდვილად იმსახურებთ დიდ ორიანს!

 

რა ეტაპზეა ამჟამად პრობლემა?

 

ეეეჰ... არც აქ მოიქცა „დინამოს" მესვეური ლამაზად, ადგა და საჩივარი შეიტანა სასამართლოში თბილისის მერიისა და თბილსის საკრებულოს წინააღმდეგ, თქვენ რომ თავის დროზე ბაზრის ტერიტორია გაყიდეთ, იქ არასოდეს ყოფილა ბაზარი, ოდითგან საწვრთნელი ბაზა იყო და შეცდომითა გაქვთ მინიჭებული საზოგადოებრივი საქმიანი ზონა "სსზ-1". ესე იგი, ბატონი რომანი თბილისელებს გიმტკიცებთ, აქ „ძაღლების ბაზრობა" არ ყოფილა, მოგეჩვენათო. როგორ, კაცო, რანაირად მოგეჩვენათ, როცა ამ ადგილას მიდიოდა ძაღლების, კურდღლებისა და თუთიყუშების აღებ-მიცემობა? აი, არაო, ეგრე არ იყოო, მე არ მახსოვსო. ვახ, რაინაირად ემახსოვრება, როცა თვითონ რუსეთში იყო გადახვეწილი და რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა? ეხლა ამას შეუძლია, ისიც თქვას, დიდუბის პანთეონი „დინამოს" საწვრთნელი ბაზა იყო, ჩემიაო. კარგი, გასაგებია, ფიფიას არ ახსოვს, აქ არ იყო, მაგრამ მოსამართლეს რაღა დაემართა, ის ხომ აქ იყო? თუმცა ის მაინც არ ენდო თავის მეხსიერებას და დაადგინა, სანამ არ გაირკვევა, იქ ძაღლებისა და ჩიტების ბაზრობა იყო თუ არა, მშენებლობა უნდა შეჩერდესო. კი, ბატონო, მშენებლებსა და ინვესტორებს მოსამართლესთან პრეტენზია არ აქვთ, გაირკვას, დადგინდეს, გამოიძიონ, მაგრამ ამასობაში ხომ უამრავი ადამიანი და ბიზნესიც ზარალობს? ამდენი მუშა ხომ დარჩა უმუშევარი, რომლებსაც ბანკებში სესხები აქვთ აღებული?!

 

მოდით, ამჯერად ამით დავამთავროთ... შემდეგ წერილში კი მოგითხრობთ, თუ რას ფიქრობენ მშენებლები, რა იდეები აქვთ და როგორ სურთ პრობლემის მოგვარება ისე, რომ არც „დინამოს" მიადგეს ჩრდილი და არც ბიზნესს.

 

მე ამ საკითხებზე ველაპარაკე რომან ფიფიას წარმომადგენელს, ვთხოვე, მასთან შეხვედრა და საუბარიც. როგორც მითხრა, ამჟამად ბატონი ფიფია არ იმყოფება საქართველოში, დაახლოებით სამ კვირაში დაბრუნდებაო. რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარს, ამ ეტაპზე, ანუ სასამართლო დავის დასრულებამდე არ აპირებენ რაიმე კომენტარის ან განცხადების გაკეთებას", - წერს ზედელაშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner