„ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ძველი თბილისის სამმართველოს შენობა დატოვა. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. კახიძის შეფასებით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.
„პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. კანონი დავარღვიე და შესაბამისად ამას არ უარვყოფ. მე არ ვაპირებ სხვადასხვა ხერხებით თავის დაძვრენას და პასუხს ვაგებ იმ ქმედებაზე, რომელიც ჩავიდინე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აღნიშნული ქმედება არ იყო მიზანმიმართული. ეს ყველაფერი გამოიწვია ჩემმა დაუდევრობამ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
სამართლებრივი პროცედურების თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძველი თბილისის სამმართველო შესაბამის დოკუმენტებს სასამართლოს გადაუგზავნის. შემდეგ კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დეპუტატი ოთარ კახიძე მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, თუ დაჯარიმდება ადმინისტრაციული ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.
„პალიტრავიდეოს" მიერ გუშინ გავრცელებულ მასალებში ჩანს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძე, რომელიც 23 ივლისს ამავე პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იარაღით გადაადგილდებოდა. შესაბამისად, დეპუტატმა დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი მე-11-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევა. აღნიშნული კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალდებათ იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთები, ან ცივი იარაღი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის 12-ე პუნქტის შესაბამისად დაიწყო.