საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარიას განცხადებას ეხმიანება:
„მთელი ღამის განმავლობაში, მოთმინებით ვკითხულობდი ჩვენი პარტიის ანალიტიკური პროექტის ყოფილი თანამშრომლის ( ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვიდრე პროექტი დაიხურებოდა) ირაკლი ლატარიას კომენტარებს. მეგონა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა ნანახი და მოსმენილი... მეგონა, რომ წლების მანძილზე გადატანილი უამრავი ცილისწამების შემდეგ, ვეღარაფერი გამაკვირვებდა და მატკენდა გულს, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელ დღემდე მეგონა... ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, თუ ლატარიას ვინმე შვილის მოკვლით ემუქრებოდა.... თუ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით... მეუღლის სიცოცხლის ხელყოფით... კიდევ ათასი უბედურებით... ამ 9 თვის განმავლობაში ეს მე მაინც რატომ არ მითხრა... მე ხომ საკუთარი შვილის ნათლიობა მანდო?!... ამ შვილის უსაფრთხოება რატომ ვეღარ მანდო, როგორც ქალს... როგორც ორი შვილის დედას... როგორც მის მეჯვარეს... როგორც მისი შვილის მომავალ ნათლიას?!... რა გულმა მოუთმინა, რომ ყველა მისმა მეგობარმა იცოდა, თურმე, რომ შიშში ცხოვრობდა და ეს შიში მე არ გამანდო?! ეს ერთი, მთავარი კითხვა, რაც მე მაწუხებს და მაფიქრებინებს:
1. ირაკლი ლატარია არაა დამოუკიდებელი ამ ქმედებაში. ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას. ირაკლი ლატარიას აქეზებენ და აქეზებს ხელისუფლების რომელიღაცა ქვედა რგოლი, რომელიც არაა ჭკვიანი.
2. მუქარასთან, მისი ოჯახის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებული განცხადებებიდან გამომდინარე, ირაკლი ლატარია, რომელსაც კარგად ვიცნობ, ამ წუთებში არ ტოვებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას.
მე ვპირდები ლატარიას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ჩვენგან არასდროს დაემუქრება და არც დამუქრებია... და მე ვიქნები პირველი, ვინც მას და მის ოჯახს დაიცავს. ამასთან, მე ვპირდები ირაკლი ლატარიას, რომ აქტიურად ვიმოქმედებთ სამართლებრივად, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან... ჩვენი მხრიდანაც მივმართავთ პროკურატურას.
სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ.
P.S. გუშინ სოციალურ ქსელში დაიდო ირაკლი ლატარიას უცნაური პოსტი, რომ მას საუკეთესო ძმაკაცები ჰყავს და ყველა სხვა ადამიანის ძმაკაცი უცენზურო სიტყვით იყო მოხსენიებული. ეს პოსტი ირაკლიმ მოგვიანებით წაშალა და ამ არც თუ ადეკვატური პოსტის შემდეგ, დაიწყო კომენტარების წერა, რომ მას და მის ოჯახს 9 თვის მანძილზე სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. ეს არ ჰგავს ირაკლი ლატარიას. ეს არ ჰგავს მოცემულობას, რომ ის მარტო მოქმედებს...ეს არ ჰგავს ზნეობრივ საქციელს, თუნდაც იმიტომ, რომ... ვიდრე ასეთი პოსტის გამოქვეყნებას გადაწყვეტდა, თავისუფლად შეეძლო ჩემთვის ეთქვა, რომ N- დანაშაულის დაფარვას აღარ აპირებს... პირდაპირ სოციალური ქსელიდან რომ არ დამლაპარაკებოდა", - წერს ინაშვილი.